ავსტრია 2040 წლისთვის ნახშირბადნეიტრალური ქვეყანა გახდება
ავსტრია 2040 წლისთვის ნახშირბადნეიტრალური ქვეყანა გახდება

ავსტრიის ახალი მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროპული ქვეყანა 2040 წლისთვის ნახშირბადნეიტრალური გახდება. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

გერმანული გამოცემის ცნობით, ავსტრიის კოალიციური მთავრობისთვის კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა პრიორიტეტი იქნება.

კოალიციური მთავრობის ერთკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ კონსერვატიული სახალხო პარტია და მწვანეთა პარტია გარკვეულ საკითხებზე შეთანხმდნენ. მათ შორის არის ეკოლოგია და მის დასაცავად შესაბამისი ზომების მიღება.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, მწვანეთა პარტია ოთხ სამინისტროს უხელმძღვანელებს, მათ შორის იქნება გარემოს დაცვისა და იუსტიციის სამინისტროები. პრემიერ-მინისტრ სებასტიან კურცის პარტიის წარმომადგენლები კი დანარჩენ სამინისტროებს ჩაიბარებენ. მათ შორისაა შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და ფინანსთა სამინისტროები.

ეკოსისტემის დაცვის მიზნით, ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროპული ქვეყნის ელექტრობა 2030 წლისთვის განახლებული, ალტერნატიული ენერგორესურსებით ჩანაცვლდება. ამასთან ერთად, ავიამიმოსვლა გაძვირდება, რათა მოსახლეობისთვის მატარებელი უფრო ხელსაყრელი ტრანსპორტი გახდეს.

ავსტრიაში ახალი კოალიციის ჩამოყალიბება კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ გახდა საჭირო, რის გამოც სებასტიან კურცის პარტიასა და მემარჯვენე „თავისუფლების პარტიას“ შორის ჩამოყალიბებული კოალიცია დაიშალა.

კორუფციულ სკანდალში ყოფილი ვიცე-პრემიერი იყო გარეული, რომელიც მედიაში გავრცელებულ ვიდეოში რუს ინვესტორს მხარდაჭერის სანაცვლოდ გარიგებას სთავაზობდა.