ავსტრიის ხელისუფლება ლიბიის საზღვარზე ევროკავშირის მესაზღვრეების გაგზავნის ინიციატივით გამოვიდა
ავსტრიის ხელისუფლება ლიბიის საზღვარზე ევროკავშირის მესაზღვრეების გაგზავნის ინიციატივით გამოვიდა

ავსტრიის ხელისუფლება ლიბიის საზღვარზე ევროკავშირის მესაზღვრეების გაგზავნის ინიციატივით გამოვიდა.

როგორც ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდერ შალანბერგი აცხადებს, ეს აუცილებელია, რათა რეგიონში იარაღის მიწოდებაზე დაწესებული ემბარგო მკაცრად გაკონტროლდეს.

ავსტრიელი დიპლომატის განცხადებით, თუ ლიბიის ხელისუფლება ევროპელი მესაზღვრეების მიღებას დათანხმდება, მაშინ ავსტრია მზადაა, ამ მისიაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

ამასთან, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ვენა არ ეთანხმება წინადადებას, რომლის მიხედვითაც, ლიბიაში ხმელთაშუა ზღვის გავლით იარაღის მიწოდება უნდა შეიზღუდოს.

„შეიარაღების მიწოდება ლიბიაში ძირითადად სახმელეთო და საჰაერო გზით ხდება. ეს ფაქტია“, – განაცხადა ალექსანდერ შალანბერგმა.

ლიბიის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების საკითხზე, დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მსჯელობენ.