ავსტრიის კანცლერი აცხადებს, რომ მოსკოვში ვლადიმირ პუტინთან ძალიან პირდაპირი, ღია და ხისტი მოლაპარაკებები ჰქონდა
ავსტრიის კანცლერი აცხადებს, რომ მოსკოვში ვლადიმირ პუტინთან ძალიან პირდაპირი, ღია და ხისტი მოლაპარაკებები ჰქონდა

ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინთან მოსკოვში ძალიან პირდაპირი, ღია და ხისტი მოლაპარაკებები ჰქონდა. ავსტრიის კანცლერი პირველი ევროპელი ლიდერია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეხვდა.

„მე ზოგადად არ მაქვს ოპტიმისტური შთაბეჭდილება, რომელიც შემიძლია გაგიზიაროთ თქვენ პრეზიდენტ პუტინთან ჩემი საუბრიდან. შეტევა აშკარად მზადდება მასიური მასშტაბით, რის გამოც მე მკაფიოდ განვაცხადე, რომ საერთაშორისო წითელი ჯვრისთვის სტაბილური წვდომაა საჭირო“, – განაცხადა ნეჰამერმა შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე.

კარლ ნეჰამერის განცხადებით, მან ასევე უთხრა რუსეთის პრეზიდენტს, რომ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ გამკაცრდება.

„ომის თითოეული დღე ზედმეტად ბევრია. ამ ომის თითოეული მსხვერპლი ზედმეტად ბევრია. ჩემი მკაფიო გზავნილი იყო, რომ სანქციები გაგრძელდება, ისინი გამკაცრდება და მათ ექნებათ გრძელვადიანი ზარალი რუსეთისთვის მომავალი ათწლეულების განმავლობაში. მე ასევე ვუთხარი მას, რომ პრეზიდენტ ზელენსკის სურს მასთან პირდაპირი კონტაქტი მოლაპარაკებების გასამართად. შესამჩნევი რეაქცია არ ყოფილა, სტამბოლის მოლაპარაკებების მინიშნების გარდა“, – განაცხადა ავსტრიის ლიდერმა.

როგორც ავსტრიის კანცლერის ოფისის მიერ შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ეს არ არის მეგობრული ვიზიტი. ნეჰამერის პრესსპიკერის თქმით, შეხვედრა 75 წუთს გაგრძელდა.

„ჩემი ყევლაზე მნიშვნელოვანი გზავნილი პუტინისადმი იყო ის, რომ ეს ომი საბოლოოდ უნდა დასრულდეს, რადგან ომს ორივე მხარეს მხოლოდ წაგებულები ჰყავს“, – ნათქვამია ავსტრიის კანცლერის განცხადებაში.

გავრცელებულ განცხადებაში ნეჰამერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი წინა კომენტარი, რომლის მიხედვითაც, ის იმედოვნებდა, რომ კონფლიქტის დასრულებას ხელს შეუწყობდა ან უკრაინის ალყაში მოქცეული ქალაქების მოსახლეობის მდგომარეობას გააუმჯობესებდა.

გასულ შაბათს ავსტრიის კანცლერი კიევში იმყოფებოდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.