ავსტრიის იუსტიციის ფედერალური მინისტრი - მადლობას ვუხდი რატი ბრეგაძეს ღირებული გამოცდილების გაზიარებისთვის
ავსტრიის იუსტიციის ფედერალური მინისტრი - მადლობას ვუხდი რატი ბრეგაძეს ღირებული გამოცდილების გაზიარებისთვის

ავსტრიის იუსტიციის ფედერალური მინისტრი ალმა ზადიჩი საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან ერთად გაფორმებულ მემორანდუმს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. აღნიშნულ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც ზადიჩი წერს, საქართველო და ავსტრია უფრო აქტიურად ითანამშრომლობენ მართლმსაჯულების სფეროში. 

„დღეს ჩემ ქართველ კოლეგა რატო ბრეგაძესთან ერთად ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის მემორანდუმს. სამომავლოდ, ჩვენი ქვეყნები უფრო აქტიურად ითანამშრომლობენ მართლმსაჯულების სფეროში. ერთ-ერთი მიზანია, რომ ევროკავშირის სტანდარტების იმპლემენტაცია განხორციელდეს მართლმსაჯულების სფეროში და გაძლიერდეს სამართლის უზენაესობა. ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში. მადლობა ღირებული გამოცდილების გაზიარებისთვის“, – წერს ზადიჩი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ავსტრიელ კოლეგასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. აღნიშნული დოკუმენტი უზრუნველყოფს იუსტიციის მიმართულებით საქართველო-ავსტრიის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას მართლმსაჯულების, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროებში.

ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება მოიცავს გამოცდილების გაზიარებას მობილური და ელექტრონული სახელმწიფო სერვისების, მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის, პენიტენციურ დაწესებულებაში სპორტის, საგანმანათლებლო და დასაქმების პროგრამების მართვის მიმართულებით.

მემორანდუმი, ასევე, ითვალისწინებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების, სამოქალაქო, კომერციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების სფეროში თანამშრომლობას.

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.