ავსტრიაში დიდთოვლობის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ავსტრიაში დიდთოვლობის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

ავსტრიაში დიდთოვლობის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ოთხს კი ამ დრომდე ეძებენ.

სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, ქვეყნის დასავლეთ რეგიონში, ვორარლბერგში ზვავის შედეგად ორი გერმანელი მოთხილამურე დაიღუპა. კიდევ ერთი სლოვენიელი მოთხილამურე გარდაიცვალა ზალცბურგის რეგიონში. სამაშველო სამსახურების ცნობით, ზალცბურგში დაკარგულია ოთხი ადამიანი.

ავსტრიის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თოვლის საფარმა 1,5 მეტრს მიაღწია.

დიდთოვლობის გამო ავსტრიაში 2000-მდე ადამიანი, მათ შორის ტურისტები სოფლებში აღმოჩნდნენ ბლოკირებულები. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია შეიარაღებული ძალების ვერტმფრენები. მეტეოროლოგიური პირობების გამო, ავსტრიის რამდენიმე სათხილამურო კურორტი დაიხურა.

ავსტრიაში უახლოეს დღეებში კვლავ თოვაა მოსალოდნელი.

ამას გარდა, დიდთოვლობის გამო, სამხრეთ გერმანიაში, კერძოდ ბავარიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. რეგიონში უხვი ნალექის გამო შეფერხებულია ტრანსპორტის მოძრაობა და დახურულია სკოლები.