ავსტრიამ რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიისთვის განკუთვნილი პროდუქციის შესყიდვების საერთაშორისო ქსელი გამოავლინა

16:10, 12.08.2026
ვენა, ავსტრია: რუსეთის ფედერაციის საელჩოს წინ რუსეთის დროშა ფრიალებს. 2026 წლის 4 მაისი

ვენა, ავსტრია: რუსეთის ფედერაციის საელჩოს წინ რუსეთის დროშა ფრიალებს. 2026 წლის 4 მაისი

ავსტრიის სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურმა (DSN) გამოავლინა საერთაშორისო ქსელი, რომელიც ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლას ახერხებდა.

ამის შესახებ ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება.

გამოძიების ყურადღების ცენტრში მოექცა ვენაში დაფუძნებული კომპანია, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი, მაღალსპეციალიზებული სამრეწველო პროდუქციის შესყიდვის დაგეგმვა.

„ფიქტიური კომპანიებისა და გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით სანქციებისთვის სისტემატური გვერდის ავლა სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოს. დაუშვებელია, რომ მაღალი სიზუსტის ევროპული ტექნოლოგიები, არალეგალური არხებით, რუსული ფრთოსანი რაკეტებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოებაში ხვდებოდეს. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ჩვენ მაქსიმალური თანმიმდევრულობით ვიმოქმედებთ მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს, რუსული თავდაცვის ინდუსტრიის მხარდაჭერის მიზნით, კანონიერ აკრძალვებს გვერდი აუაროს“, – განაცხადა ავსტრიის სახელმწიფო მდივანმა, იორგ ლაითფრიდმა.

გამოძიებით დადგინდა, რომ კომპანია სპეციალურად იმისთვის შეიქმნა, რათა რუსეთისთვის მიეწოდებინა სანქცირებული სამრეწველო პროდუქცია, კერძოდ კი, ავტომატიზებული დანადგარები და ლითონდამუშავების სპეციალური ინსტრუმენტები. მიწოდების რეალური მარშრუტების დასაფარად, ეჭვმიტანილები იყენებდნენ კომპანიის საერთაშორისო კავშირებს თურქეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ჰონგ კონგში, ბელარუსში, ყირგიზეთში, სამხრეთ კორეაში, პოლონეთსა და ლიეტუვაში.

გაყალბებული სერტიფიკატი, რომელშიც საქონლის საბოლოო დანიშნულების ადგილია მითითებული, ევროპელ მწარმოებლებს უქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ პროდუქცია მესამე ქვეყნებში დარჩებოდა. რეალურად კი, ისინი რუსეთის სახელმწიფო კონცერნ „როსტექთან“ დაკავშირებული კომპანიებისთვის იყო განკუთვნილი იყო. გამოძიების ბოლო მონაცემებით, ეს პროდუქცია ფრთოსანი რაკეტებისა და გამანადგურებელი თვითმფრინავების ძრავების, ასევე სხვა სამხედრო ტექნიკის დასამზადებლად გამოიყენებოდა.

სამართალდამცავი ორგანოების მიერ ამოღებული დოკუმენტაციის ანალიზმა აჩვენა, რომ რუსეთის სამხედრო მიზნებისთვის განკუთვნილი სამრეწველო საქონლის შესყიდვა ჯერ კიდევ 2019 წელს ხორციელდებოდა. სანქციების გამკაცრების შემდეგ, მიწოდება მესამე ქვეყნების, კერძოდ კი ჰონგ კონგისა და თურქეთის გავლით ხდებოდა. გამოძიების შედეგად, შესაძლებელი გახდა 2022 წლის შემდეგ რუსეთის თავდაცვის საწარმოებისთვის 3.3 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების საქონლის მიწოდების დოკუმენტირად დასაბუთება. აქედან ავსტრიაში საქონელბრუნვამ 700 000 ევროზე მეტი შეადგინა.

2026 წლის 13 მაისს, ვენის პროკურატურამ კომპანიის 28 წლის დირექტორი და თანამფლობელი დააკავა, რომელიც ბელარუსის მოქალაქეა. ამავდროულად, ამოღებულია სანქცირებული CNC (რიცხვითი პროგრამული მართვის) ჩარხები და სპეციალური ინსტრუმენტები, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 140 000 ევროს შეადგენს. ეჭვმიტანილი, გამოძიების დასრულებამდე, პატიმრობაში იქნება.

სტატიის ავტორი: ოლექსანდრა არტასევიჩი, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი (suspilne Ukraine/ суспільне україне

ფოტოს ავტორი: ჯო კლამერი, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 11 აგვისტო, 2026 წელი, 04:54 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი