ავსტრია პირველი მაისიდან მოქალაქეების გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას აპირებს
ავსტრია პირველი მაისიდან მოქალაქეების გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას აპირებს

ავსტრიაში პირველი მაისიდან მოქალაქეების გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას აპირებენ. ამასთან, ქვეყანაში კვლავ შენარჩუნდება სულ მცირე ერთი მეტრის სოციალური დისტანციის დაცვის ვალდებულება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „კურიერი“ ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

15 მაისიდან ავსტრიაში მუშაობას განაახლებენ რესტორნები და ბარები, თუმცა კლიენტებს შორის უნდა იყოს დაცული ერთი მეტრის დისტანცია. ამასთან, ერთ მაგიდასთან დაუშვებელი იქნება ოთხ პირზე მეტის დასხდომა.
15 მაისიდან ასევე იგეგმება ზოოპარკების გახსნა.

29 მაისიდან ავსტრიაში სასტუმროების მუშაობის განახლებას აპირებენ. ამავე დროს, ქვეყანაში გაიხსნება აუზები.
როგორც ავსტრიის ტურიზმის მინისტრმა, ელიზაბეთ კესტინგერმა განაცხადა, თითოეულმა ადმიანმა უნდა დაიცვას დისციპლინა, რათა დაწესებულებები სრულად გაიხსნას.

თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრმა, რუდოლფ ანშობერმა განაცხადა, რომ საზოგადოებრივ ადგილებში პირბადის ტარება კვლავ აუცილებელი იქნება. მისი თქმით, ამ შეზღუდვის გაუქმება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი.

​შეგახსენებთ, ავსტრია „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების მეორე ეტაპზე იმყოფება.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ავსტრიაში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 15 274 შემთხვევა, გარდაცვლილია 549 ადამიანი.