ავსტრია არავაქცინირებული პირებისთვის ლოკდაუნის ამოქმედებას გეგმავს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ავსტრიის ჩრდილოეთით მდებარე პროვინციებში ორშაბათიდან ე.წ. ლოკდაუნის ამოქმედება იგეგემება, რაც გულისხმობს, რომ არავაქცინირებულები ან არასრულად აცრილი მოქალაქეები ვერ შეძლებენ განსაკუთრებული მიზეზის გარეშე სახლის დატოვებას, გარდა ისეთი მიზეზებისა, როგორიცაა სამსახურში წასვლა, საკვები პროდუქტების შეძენა ან სუფთა ჰაერზე სპორტული აქტივობა.
აღსანიშნავია, რომ ავსტრიაში არავაქცინირებულეთათვის რესტორნების, კინოთეატრების, სათხილამურო კურორტების და სილამაზის სალონების სტუმრობა რამდენიმე თვეა, აკრძალულია.
ჩრდილოეთ ავსტრიაში ბოლო რამდენიმე დღეა, პანდემიის დაწყებიდან ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი ფიქსირდება.
კრიტიკულად განწყობილი პირები მიიჩნევენ, რომ მთავრობას ახალი შეზღუდვების შესრულების მონიტორინგისთვის რესურსი არ ეყოფა. თუმცა, ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ ვირუსით ინფიცირების ზრდის გამო საფრთხე რეალური ხდება და დამატებითი შეზღუდვების შემოღება აუცილებელია.
თავდაპირველად ე.წ. ლოკალური ლოკდაუნის შემოღება ჩრდილოეთ ავსტრიაში იგეგმება, თუმცა ავსტრიის კანცლერის განცხადებით, შეზღუდვები მომავალში შესაძლოა, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესდეს.