კორონავირუსის დღიური შემთხვევების მატების გამო, ავსტრალიის რამდენიმე ქალაქში ლოკდაუნი გამოცხადდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
დღეიდან ოთხდღიანი ლოკდაუნი გამოცხადდა პერთში, 9 ივლისამდე მკაცრი ორკვირიანი კარანტინი მოქმედებს სიდნეიში, 2 ივლისამდე კი კარანტინი გახანგრძლივდა დარვინში.
ამასთან, დღეს საღამოს სამდღიანი ლოკდაუნი ამოქმედდება ქუინსლენდის შტატის დედაქალაქ ბრიზბენში.
ავსტრალიაში კორონავირუსის შემთხვევების მატება დელტა ვარიანტის გავრცელებას უკავშირდება.
„რისკი რეალურია და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად“, – განაცხადა ქუინსლენდის შტატის პრემიერმა ანასტასია პალაშჩუკმა.
აღსანიშნავია, რომ ქუინსლენდის შტატში გასულ დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ახალი სამხრეთ უელსის შტატში კი აღრიცხეს ინფიცირების 19 ახალი შემთხვევა.
ლოკდაუნის, ინფიცირებულების კონტაქტების სწრაფი გამოვლენითა და სოციალური დისტანციის მკაცრი წესების საშუალებით ავსტრალიაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების მაჩვენებელი შედარებით დაბალია. პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის 30 500-ზე მეტი შემთხვევა და გარდაცვლილია 910 ადამიანი.