ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი - ჯოკოვიჩთან დაკავშირებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას მივესალმები #1TVSPORT
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ნოვაკ ჯოკოვიჩის სასამართლოს გამოეხმაურა. სკოტ მორისონმა მოიწონა გადაწყვეტილება, რომ სერბმა ჩოგბურთელმა ავსტრალია უნდა დატოვოს.
შეგახსენებთ, რომ სასამართლომ ჯოკოვიჩის იურისტების სარჩელი უარყო. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა საქმე წააგო და შესაბამისად, ვერ მიიღო ავსტრალიის ვიზა. უახლოეს საათებში ის დეპორტირებული იქნება ქვეყნიდან. გარდა ამისა, ნოვაკს მოუწევს სასამართლოს ხარჯების ანაზღაურება.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი: „მივესალმები გადაწყვეტილებას, რომ ავსტრალიის საზღვრები და ავსტრალიელების უსაფრთხოება დაცული იყოს. ეს პასუხობს საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებსაც. ავსტრალიელებმა პანდემიის გამო დიდი მსხვერპლი გავიღეთ, მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს. მადლობას ვუხდი სასამართლოს, საკითხისადმი ასეთი ყურადღებისა და მოთმინების გამო. ახლა კი მოვიდა დრო, რომ ავსტრალიის ღია პირველობა ჩავატაროთ და ჩოგბურთით დავტკბეთ“.