ავსტრალიის ნაკრებს დევიდ ფოქოქი და ისრაელ ფოლაუ დაუბრუნდებიან | რაგბი ჩემფიონშიფი
„რაგბი ჩემფიონშიფის“ მეოთხე ტურში არგენტინასთან შეხვედრისთვის, ავსტრალიის ნაკრებს დევიდ ფოქოქი და ისრაელ ფოლაუ დაუბრუნდებიან. შეხვედრა ავსტრალიის ქალაქ გოლდ ქოსთში, „კბუს სუპერ სთედიუმზე“ გაიმართება.
მესამე ხაზელ დევიდ ფოქოქს კისრის ტრავმა აწუხებდა, ხოლო ფოლაუს კი კოჭის მცირე დაზიანება ჰქონდა, თუმცა ორივე მათგანი მწყობრშია და თამაშს მოახერხებს.
ისრაელ ფოლაუ მისთვის უჩვეულო, მარჯვენა ფრთის პოზიციაზე გაირჯება და ფულბეკის ფუნქციებს დეინ ჰეილეტ-პეტი შეასრულებს.
„ვოლაბებს“ ადამ კოლმანიც დაუბრუნდებათ, რომელსაც შვილი გაუჩნდა და „პუმების“ წინააღგმდეგ სათადარიგოთა სკამზე იჯდება.
ვეტერანი ბურჯი სეკოპე კეპუ 97-ე სანაკრებო კეპს მოიპოვებს. შეხვედრაში ისიც სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვება.
საინტერესოა, რომ არგენტინელთა მთავარი მწვრთნელი, მარიო ლედესმა გასულ სეზონებში ავსტრალიელთა შერკინებას ხელმძღვანელობდა და არგენტინის ნაკრებში მოსვლის შემდეგ პირველი სერიოზული გამარჯვება უკვე მოიპოვა. მისმა გუნდმა სამხრეთ აფრიკა დაამარცხა.
ავსტრალია და არგენტინა „კბუს სუპერ სთედიუმზე“ ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და დაპირისპირება ორივეჯერ მასპინძლებმა მოიგეს.