ავსტრალიის ხელისუფლება სიდნეიში ასობით ჯარისკაცს აგზავნის
ავსტრალიის ხელისუფლება სიდნეიში ასობით ჯარისკაცს აგზავნის

დაწესებული შეზღუდვების შესრულების გასაკონტროლებლად, ავსტრალიის ხელისუფლება სიდნეიში ასობით ჯარისკაცს აგზავნის. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

სიდნეიში კორონავირუსის დელტა ვარიანტის სწრაფი გავრცელების გამო, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალაქში ჯარისკაცების განთავსების გადაწყვეტილება მიიღო, რომლებმაც დაწესებული შეზღუდვების შესრულებას უნდა შეუწყონ ხელი.

ავსტრალიის შეიარაღებული ძალების ნაწილები გადამზადებას მიმდინარე კვირის ბოლოს გაივლიან და უკვე ორშაბათიდან ქალაქში უიარაღო პატრულირებას შეუდგებიან.

სიდნეიში დაწესებული შეზღუდვები 28 აგვისტომდეა გახანგრძლივებული. მოსახლეობას, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, საკუთარი სახლების დატოვება ეკრძალებათ.

ჯარისკაცები სიდნეის იმ რაიონებში განთავსდებიან, სადაც ვირუსით დაინფიცირების ყველაზე დიდი მაჩვენებელი ფიქსირდება და მოსახლეობის მიერ რეგულაციების შესრულებას გაუწევენ კონტროლს.

სიდნეიში კორონავირუსის დელტა ვარიანტის 3 ათასამდე შემთხვევაა გამოვლენილი. ეპიდაფეთქება კრიტიკულად მნიშვნელოვან მუშაკებს და შედარებით ღარიბ რაიონებს შეეხო ქალაქის შემოგარენში, სადაც 2 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.