ავსტრალიის გრანპრი ნიდერლანდელმა მაქს ფერსტაპენმა მოიგო #1TVSPORT
ავსტრალიის გრანპრი ნიდერლანდელმა მაქს ფერსტაპენმა მოიგო #1TVSPORT

ფორმულა 1-ში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ნიდერლანდელმა მაქს ფერსტაპენმა ავსტრალიის გრანპრი მოიგო. მეორე ადგილზე „მერსედესის“ ბრიტანელი პილოტი, ლუის ჰემილტონი გავიდა, ხოლო სამეული „ასტონ მარტინიდან“ ესპანელმა ფერნანდო ალონსომ შეავსო.

2023 წლის სეზონის მესამე რბოლა, რომელსაც მელბურნმა უმასპინძლა, ძალიან დაძაბული და უამრავი ინციდენტით სავსე გამოდგა. პოულ პოზიციაზე სწორედ „რედ ბულის“ ნიდერლანდელი პილოტი იდგა, თუმცა ფერსტაპენმა სტარტი ჩააგდო, რითიც „მერსედესის“ დუეტმა ისარგებლა – რბოლას სათავეში ჯორჯ რასელი ჩუდგა, ხოლო მეორე ადგილზე ლუის ჰემილტონმა გადაინაცვლა.

პირველივე წრეზე ასპარეზობას გამოეთიშა “ფერარის“ მონეგასკი პილოტი შარლ ლეკლერი, ხოლო მეშვიდე წრეზე ალექს ალბონის ინციდენტის გამო ორგანიზატორებმა წითელი დროშები გამოიტანეს და რბოლა დროებით შეჩერდა. მოგვიანებით, ტექნიკური პრობლემის გამო, ბრძოლას რასელიც გამოეთიშა.

ამის შემდეგ, 55-ე წრემდე, დასრულებამდე 3 წრით ადრე, მაქს ფერსტაპენი რბოლას დამაჯერებლად ლიდერობდა, მეორე ადგილზე ჰემილტონი იყო, ხოლო მესამეზე – ალონსო, თუმცა „ჰაასის“ დანიელ პილოტს, კევინ მაგნუსენს ბოლიდი დაუზინდა, რის გამოც ასპარეზობა კიდევ ერთხელ შეჩერდა. განახლების შემდეგ მორიგ კატასტროფულ შემთხვევას ჰქონდა ადგილი. ავსტრალიის გრანპრი საბოლოოდ მხოლოდ თორმეტმა პილოტმა დაასრულა.

ფერსტაპენმა კარიერაში 37-ე გამარჯვება მოიპოვა, ხოლო „რედ ბულისთვის“ აღნიშნული გრანპრი 95-ე იყო, რომელშიც ავსტრიული გუნდის პილოტი პირველ ადგილზე გავიდა.

ფერნანდო ალონსოსთვის ავსტრალიაში მოპოვებული პოდიუმი უკვე მესამეა მიმდინარე სეზონში, ხოლო მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი, ლუის ჰემილტონი 2023 წელს საუკეთესო სამეულში პირველად შევიდა.

2023 წლის სეზონს კვლავაც მაქს ფერსტაპენი ლიდერობს 69 ქულით, მეორე ადგილზე მისი მექსიკელი თანაგუნდელი სერხიო პერესია, რომელსაც 54 ქულა აქვს, ხოლო მესამე პოზიციას – ფერნანდო ალონსო იკავებს „ასტონ მარტინიდან“ 45 ქულით.

ფორმულა 1-ის მორიგი, სეზონში მეოთხე რბოლა აზერბაიჯანში 30 აპრილს გაიმართება.