ავსტრალიის ღიას მამაკაცთა ტურნირის მეორე ფინალისტი ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა. სერბი ესპანელ რაფაელ ნადალს არ ჩამორჩა და მანაც ძალიან იოლად მოიპოვა ფინალის საგზური – საათსა და 24 წუთში გაანადგურა ფრანგი ლუკ პუიე – 6:0, 6:2, 6:2.
ჯოკოვიჩმა პრაქტიკულად იდეალური ჩოგბურთი აჩვენა – ექვსი ეისი ჩააწოდა, პირველი მოწოდებით ქულების 84 პროცენტი აიღო, მეორე მოწოდებით – 85 პროცენტი, 24 „ვინერსი“ მიითვალა და მხოლოდ 5 (!) უნებლიე შეცდომა დაუშვა. აგრეთვე, მან 12 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, შვიდი გამოიყენა და მეტოქეს არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ მისცა.
ჯოკოვიჩი ფინალში ნადალს შეხვდება და კარიერში მე-15 „დიდი სლემის“ მოგებას შეეცდება. ესპანელს „დიდ სლემზე“ 17 ტიტული აქვს მოგებული.