ავსტრალიის ღია - XI დღე - ნადალმა ფინალის საგზური ძალიან იოლად მოიპოვა
ავსტრალიის ღიას მამაკაცთა ტურნირის პირველი ფინალისტი ესპანელი რაფაელ ნადალი გახდა, რომელმაც საათსა და 45 წუთში გაანადგურა ბერძენი სტეფანოს ციციპასი – 6:2, 6:4, 6:0.
ესპანელმა ნახევარფინალში ნაჩვენები თამაშით დაამტკიცა, რომ ტურნირის მთავარი ფავორიტია. ნადალმა არანაირი შანსი არ მისცა წლევანდელი ტურნირის მთავარ აღმოჩენასა და სენსაციას.
რაფა უნაკლო იყო საკუთარ მოწოდებაზე. მის გეიმებში ერთადერთხელ მივიდა საქმე “თანაბარ” ანგარიშამდე, ისიც მატჩის ბოლო გეიმში. ესპანელის მეტოქეს მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, ჯამში კი რაფაელმა საკუთარ მოწოდებაზე მხოლოდ 12 ქულა წააგო – ექვსი პირველზე და ექვსი – მეორეზე. ნადალს 28 “ვინერსი” და მხოლოდ 14 უნებლიე შეცდომა ჰქონდა. ბადესთანაც უფრო მეტჯერ გავიდა, ვიდრე ციციპასი და ამ გასვლების 82 პროცენტი წარმატებული იყო.
რაც შეეხება მიღებაზე თამაშს, ნადალმა პირველ სეტში ორი ბრეიკი შეასრულა, მეორეში ერთი, მესამე სეტში კი ბერძენმა პრაქტიკულად შეწყვიტა წინააღმდეგობა – ესპანელმა სამი ბრეიკი აიღო და პარტია “მშრალი” ანგარიშით მოიგო.
ნადალი მეხუთედ ითამაშებს ავსტრალიის ღიას ფინალში. 2009 წელს მან აქ თავისი ერთადერთი ტიტული მოიგო, რის შემდეგაც, ზედიზედ სამი ფინალი დათმო.
რაფას მეტოქე ფინალში პარასკევს გაირკვევა, როცა მეორე ნახევარფინალში სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ფრანგი ლუკ პუიე ითამაშებენ.