ავსტრალიის ღია - X დღე - ლუკ პუიე მოულოდნელი ნახევარფინალისტი გახდა
ავსტრალიის ღია - X დღე - ლუკ პუიე მოულოდნელი ნახევარფინალისტი გახდა

მოულოდნელად დასრულდა მამაკაცთა ტურნირზე რიგით მესამე მეოთხედფინალი. ფრანგმა ლუკ პუიემ ოთხ სეტში დაამარცხა კანადელი მილოშ რაონიჩი, რომელმაც წინა ეტაპებზე დამაჯერებლად მოუგო რამდენიმე ვარსკვლავს – ნიკ კირგიოსს, სტენ ვავრინკასა და ალექსანდ ზვერევს. რაონიჩმა ამ ჩოგბურთელებს მხოლოდ ერთი სეტი დაუთმო.

კანდელმა ვერაფერი მოუხერხა პუიეს მოწოდებას და მეტოქის გეიმებში ერთადერთი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა. თავად ფრანგს 14 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და სამჯერ აიღო რაონიჩის მოწოდება.

შეხვედრა სამი საათი და ექვსი წუთი გაგრძელდა და პუიემ 7:6(4), 6:3, 6:7(2), 6:4 მოიგო. ფრანგი პირველად ითამაშებს „დიდი სლემის“ ტურნირის ნახევარფინალში. აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან, პუიეს ცნობილი ფრანგი ჩოგბურთელი ამელი მორესმო ავარჯიშებს.

ნახევარფინალში ლუკ პუიეს მეტოქის ვინაობა სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩისა და იაპონელი კეი ნიშიკორის მატჩში გაირკვევა.