ავსტრალიის ღია, მეშვიდე დღე - ნაომი ოსაკამ ორი მატჩბოლი მოიგერია და მეოთხედფინალში გავიდა
ავსტრალიის ღია, მეშვიდე დღე - ნაომი ოსაკამ ორი მატჩბოლი მოიგერია და მეოთხედფინალში გავიდა

ავსტრალიის ღია პირველობაზე მერვედფინალური ეტაპი დაიწყო. ერთ-ერთი პირველი მეოთხედფინალში მსოფლიოს მესამე ჩოგანი ნაომი ოსაკა გავიდა. მან ორსაათიან ბრძოლაში სამ სეტში მოუგო ესპანელ გარბინე მუგურუსას – 4:6, 6:4, 7:5.

შეხვედრა ძალიან დრამატული გამოვიდა. პირველ სეტში ბრეიკით სტარტზე ოსაკა დაწინაურდა და შემდეგ მუგურუსამ ორი ბრეიკით უპასუხა. იგივე სიტუაცია იყო მეორე სეტში, ოღონდ ჩოგბურთელებმა როლები გაცვალეს – თავიდან მუგურუსას ბრეიკი იყო, სეტი კი ოსაკამ მოიგო.

მესამე სეტის მეხუთე გეიმში მუგურუსამ ბრეიკი შეასრულა და მალე 5:3 დაწინაურდა. მეცხრე გეიმში მეტოქის მოწოდებაზე ესპანელს ორმაგი მატჩბოლი ჰქონდა, მაგრამ ოსაკამ გადაარჩინა საკუთარი მოწოდება, მეათე გეიმში კი მატჩზე არ ჩააწოდებინა ესპანელს. ამის შემდეგ, ინიციატივა იაპონელის მხარეს იყო და მან მე-12 გეიმში კიდევ ერთი ბრეიკით მეოთხედფინალის საგზური გაიფორმა.

ერთი საინტერესო სტატისტიკური მონაცემია – როცა ოსაკა „დიდ სლემის“ ტურნირის მეოთხედფინალში გადის, აუცილებლად იგებს მას. აქამდე ასეთი რამ სამჯერ მომხდარა – ერთხელ ავსტრალიაში და ორჯერ ამერიკაში.

მეოთხედფინალში ოსაკას მეტოქე ტაივანელი სუ-ვეი ჰსიე იქნება, რომელმაც ორ სეტში დაამარცხა ჩეხი მარკეტა ვონდროუშოვა.

დატოვე კომენტარი