ავსტრალიის ღია, მეცხრე დღე - ჯოკოვიჩმა სამსაათნახევრიანი მარათონის შემდეგ ნახევარფინალში გააღწია
ავსტრალიის ღია, მეცხრე დღე - ჯოკოვიჩმა სამსაათნახევრიანი მარათონის შემდეგ ნახევარფინალში გააღწია

ავსტრალიის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირზე პირველი ნახევარფინალური წყვილი ჩამოყალიბდა. მსოფლიოს პირველი ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ოთხ სეტში მოუგო ალექსანდრ ზვერევს და ნახევარფინალში მსოფლიოს 114-ე ჩოგანს, რუს სენსაციას ასლან კარაცევს შეხვდება.

პირველი სეტი ზვერევის ბრეიკით დაიწყო და გერმანელი ამ უპირატესობას მეათე გეიმამდე ინარჩუნებდა, მეცხრე გეიმში კი სეტბოლიც ჰქონდა. მეათე გეიმში ჯოკოვიჩმა სეტში ერთადერთი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, შანსი გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა. ტაი-ბრეიკი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა, სეტბოლებამდე მარტო ზვერევი მივიდა და მეორე ცდიდან მოიგო სეტი.

მეორე სეტი გერმანელმა ჩააგდო – ბრეიკ-პოინტი ვერ მოიპოვა, ჯოკოვიჩმა კი ორი ასეთი შანსი მიიღო და ორივე გამოიყენა.

მესამე და მეოთხე სეტები ერთნაირად იწყებოდა – ზვერევი ბრეიკით 3:0 გადიოდა წინ. მესამე პარტიაში ჯოკოვიჩმა 1:4-დან ზედიზედ ხუთი გეიმი აიღო და სეტებში პირველად გავიდა წინ. მეოთხე პარტიაში სერბმა მეხუთე გეიმში შეასრულა უკუბრეიკი, თუმცა, უპირატესობას მაინც ზვერევი ფლობდა – მან მეოთხე და მერვე გეიმებში ჯამში ხუთი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა.

საბოლოოდ, საჭირო გახდა მატჩში მეორე ტაი-ბრეიკის ჩატარება. ჩოგბურთელები სტაბილურად ინარჩუნებდნენ საკუთარ მოწოდებას. ასე გაგრძელდა ზედიზედ 12 გათამაშება, რის შემდეგაც, ჯოკოვიჩმა პირველი მინი-ბრეიკი შეასრულა და საკუთარ მოწოდებაზე მატჩბოლი მიიღო. სერბმა ეს შანსი ხელიდან აღარ გაუშვა და სამი საათი და 34 წუთი ბრძოლის შემდეგ, 6:7(6), 6:2, 6:4, 7:6(6) მოიგო.