ავსტრალიის ღია - ჯენიფერ ბრეიდი კარიერაში პირველად ითამაშებს „დიდი სლემის“ ტურნირის ფინალში
ავსტრალიის ღია - ჯენიფერ ბრეიდი კარიერაში პირველად ითამაშებს „დიდი სლემის“ ტურნირის ფინალში

ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ტურნირის მეორე ფინალისტი ამერიკელი ჯენიფერ ბრეიდია, რომელიც მსოფლიო კლასიფიკაციაში 24-ე ადგილს იკავებს. მან დრამატულ ბრძოლაში აჯობა რეიტინგის 27-ე ნომერს, ჩეხ კაროლინა მუხოვას – 6:4, 3:6, 6:4.

ამერიკელმა ჩოგბურთელმა ბრეიკ-პოინტების ასპროცენტიანი რეალიზაციის ხარჯზე გაიმარჯვა – სამიდან სამი შანსი გამოიყენა. მუხოვას შვიდი ბრეიკ-პოინტი და სამი ბრეიკი ჰქონდა.

ამ ნახევარფინალის დასასრული დრამატული გამოდგა. მესამე სეტში ბრეიდიმ მესამე გეიმში შეასრულა ბრეიკი და დამაჯერებლად მიდიოდა გამარჯვებამდე, მაგრამ მეათე გეიმში, რომელშიც ამერიკელი მატჩზე აწვდიდა, მუხოვამ დიდი ბრძოლა გაუმართა მეტოქეს – ჯერ ორი მატჩბოლი მოიგერია, შემდეგ სამი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და სამივე შანსი გაანიავა, ამას მოჰყვა ბრეიდის კიდევ ორი გამოუყენებელი მატჩბოლი, თუმცა, საბოლოოდ მან მეხუთე ცდაზე შეძლო გადამწყვეტი ქულის აღება და კარიერაში პირველად „დიდი სლემის“ ტურნირის ფინალში გასვლა.

აქამდე ბრეიდის საუკეთესო შედეგი იყო 2020 წელს, აშშ-ის ღია პირველობაზე ნახევარფინალში გასვლა, სადაც სამ სეტში წააგო იაპონელ ნაომი ოსაკასთან. შაბათს, სწორედ ისინი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ფინალში.

დატოვე კომენტარი