ავსტრალიის ღია - II დღე - ნოვაკ ჯოკოვიჩმა მეორე წრის საგზური მოიპოვა
ავსტრალიის ღია პირველობის საწყისი ბარიერი დაძლია მამაკაცთა კლასიფიკაციის პირველმა ნომერმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა. მას ორი საათი და ოთხი წუთი დასჭირდა ნაკლებად ცნობილი ამერიკელის, მსოფლიოს 230-ე ჩოგნის, მიტჩელ კრუგერის დასამარცხებლად. რეიტინგის ლიდერმა სამ სეტში გაიმარჯვა – 6:3, 6:2, 6:2.
თანაბარი ბრძოლა მხოლოდ პირველი სეტის სტარტზე იყო. მოულოდნელად, მატჩში პირველი ბრეიკი კრუგერმა შეასრულა, თუმცა, ჯოკოვიჩმა იქვე დაიბრუნა დაკარგული მოწოდება.
კრუგერმა კარგი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა – ჯოკოვიჩმა 20 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, მაგრამ მხოლოდ ექვსი გამოიყენა.
მეორე წრეში ნოვაკ ჯოკოვიჩი ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას შეხვდება, რომელმაც სამ სეტში მოუგო სლოვენიელ მარტინ კლიჟანს – 6:4, 6:4, 7:6(5).