ავსტრალიის ღია 2022 - ნადალის მე-14 მეოთხედფინალი, ზვერევის სენსაციური მარცხი #1TVSPORT
რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღიას მამაკაცთა ტურნირის პირველი მეოთხედფინალისტი გახდა. ესპანელმა ჩოგბურთელმა სამ სეტში დაამარცხა ფრანგი ადრიან მანარინო – 7:6(14), 6:2, 6:2. შეხვედრა ორი საათი და 43 წუთი გაგრძელდა.
ამ მატჩის პირველი სეტი მთლიანად ტურნირის მშვენება გახდა. ის საათი და 22 წუთი გაგრძელდა და აქედან 29 წუთი ტაი-ბრეიკმა დაიკავა, რომლის დროსაც ნადალს შვიდი სეტბოლი ჰქონდა, მანარინოს – ოთხი. საბოლოოდ, უფრო მეტად ესპანელს გაუმართლა და მოიგო უმნიშვნელოვანესი სეტი, რის შემდეგაც, უდიდესი უპირატესობა მოიპოვა. მომდევნო ორ სეტში ნადალმა ხუთი ბრეიკი შეასრულა და მხოლოდ ერთხელ დათმო საკუთარი მოწოდება.
ნადალმა 16 ეისი ჩააწოდა, პირველ მოწოდებაზე მხოლოდ ოთხი ქულა დათმო, 17 ბრეიკპოინტიდან ხუთი გამოიყენა და 22 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ამასთან 42 „ვინერსი“ დააგროვა.
ნადალი მეთოთხმეტედ ითამაშებს ავსტრალიის ღიას მეოთხედფინალში. აქ მისი მეტოქე კანადელი დენის შაპოვალოვი იქნება, რომელმაც მოულოდნელად სამ სეტში მოუგო ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს, გერმანელ ალექსანდრ ზვერევს – 6:3, 7:6(5) 6:3.
პირველ და მესამე სეტებში კანადელმა თითო ბრეიკის წყალობით მოიგო. მეორე სეტში გერმანელს მოგების რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ 5:3-ზე სეტზე ვერ ჩააწოდა.
შაპოვალოვს არ ჰქონია განსაკუთრებული სტატისტიკა – 11 ორმაგი შეცდომა დაუშვა და უფრო მეტი უნებლიე შეცდომა ჰქონდა, ვიდრე „ვინერსი“. მაგრამ კიდევ უფრო უარესი მაჩვენებლები დააფიქსირა ზვერევმა. გერმანელმა სულ რაღაც ექვსი ქულა მოიგო მეორე მოწოდებაზე, მხოლოდ 18 „ვინერსი“ ჩააგდო და 32 შეცდომა დაუშვა.
შაპოვალოვისთვის ეს არის პირველი მეოთხედფინალი ავსტრალიის ღიაზე. ამ ეტაპზე მას 2020 წელს აშშ-ის ღიაზე უთამაშია, შარშან კი ნახევარფინალში იყო უიმბლდონზე.
ნადალისა და შაპოვალოვის ურთიერთშევედრებში ესპანელი წინ არის – 3:1.