ავსტრალიის ღია 2022 - ნადალი მეორე წრე დამაჯერებლად გაიარა #1TVSPORT
ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა ავსტრალიის ღია პირველობაზე მეორე წრეც დამაჯერებლად გაიარა. მსოფლიოს მეექვსე ჩოგანმა მელბურნში ზედიზედ მეორე მატჩი ისე მოიგო, რომ საკუთარი გეიმი არ წაუგია. ამჯერად, ნადალმა 6:2, 6:3, 6:4 დაამარცხა გერმანელი იანიკ ჰანფმანი.
რაფას ორი ბრეიკპოინტის მოგერიება მოუწია, თავად კი 16 ბრეიკპოინტი ჰქონდა და ოთხი გამოიყენა. ნადალს პირველი მოწოდების სიზუსტის დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა – 54 პროცენტი, 30 „ვინერსი“ დააგროვა და 26 უნებლიე შეცდომა დაუშვა.
1/16 ფინალში ნადალის მეტოქე რუსი ხაჩანოვისა და ფრანგი ბონზის შეხვედრაში გაირკვევა.
მესამე წრეში გავიდა კიდევ ერთი ესპანელი კარლოს ალკარასი. ნადალის მსგავსად, მანაც ორივე შეხვედრა სამ სეტში მოიგო. ამჯერად, მან 6:2, 6:1, 7:5 სძლია სერბ დუშან ლაიოვიჩს.
თანამემამულეებს მიბაძა და ასევე 1/16 ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა მესამე ესპანელმა პაბლო კარენიო ბუსტამ. მას ხუთი სეტი დასჭირდა ნიდერლანდელი ტალონ გრიკსპურის დასამარცხებლად – 6:3, 6:7(6), 7:6(3), 3:6, 6:4. შეხვედრა ოთხი საათი და 14 წუთი გაგრძელდა. ბუსტამ 17-დან შვიდი ბრეიკპოინტი გამოიყენა, გრიკსპურმა – 13-დან 6.
ზედიზედ მეორე ოთხსეტიანი მატჩი ჩაატარა ტურნირის მეშვიდე ნომერმა მატეო ბერეტინიმ. იტალიელმა ერთი სეტი დაუთმო ამერიკელ სტეფან კოზლოვს – 6:1, 4:6, 6:4, 6:1. ბერეტინიმ 21 ეისით დაასრულა შეხვედრა. იტალიელი მესამე რაუნდში ალკარასს დაუპირისპირდება.
კანადელ დენის შაპოვალოვს ხუთი სეტი და ოთხსაათნახევარი დასჭირდა კორეელი სუნვუ კვონის დასამარცხებლად – 7:6(6), 6:7(3), 6:7(6), 7:5, 6:2. შაპოვალოვმა 29 ეისი ჩააწოდა და 10 ორმაგი შეცდომა დაუშვა, 19 ბრეიკპოინტიდან შვიდი გამოიყენა, 81 „ვინერსი“ და 77 უნებლიე შეცდომა დააგროვა.