ავსტრალიის ღია 2020 - რაონიჩი 35 ეისის დახმარებით მეოთხედფინალში გავიდა
მსოფლიოს ყოფილმა მესამე ჩოგანმა მილოშ რაონიჩმა მორიგი დამაჯერებელი თამაში აჩვენა საკუთარ მოწოდებაზე და სამ სეტში მოუგო მარინ ჩილიჩს – 6:4, 6:3, 7:5. კანადელმა 35 ეისი ჩააწოდა, პირველი მოწოდებით ქულების 79 პროცენტი მოიგო, 55 „ვინერსი” დააგროვა და მხოლოდ 23 უნებლიე შეცდომა დაუშვა.
რაონიჩისთვის ეს იყო მეოთხე მოგება ამ ტურნირზე და ოთხივე მატჩში საკუთარი გეიმი მას არცერთხელ არ წაუგია. კანადელი მეათედ გავიდა „დიდი სლემის” ტურნირების მეოთხედფინალში. ამ ეტაპზე მისი მეტოქე სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში 0:9-ს აგებს. სერბთან მომავალ დაპირისპირებაზე შეკითხვის შესახებ რაონიჩმა განაცხადა, რომ 35 ეისზე მეტი დასჭირდება ჯოკოვიჩის დასამარცხებლად.