მსოფლიოს მეორე ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი გავიდა ავსტრალიის ღიას მერვედფინალში ძალიან დამაჯერებლად. სერბ ჩოგბურთელს დიდი წინააღმდეგობა არ შეხვედრია იაპონური ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავისგან იოშიჰიტო ნიშიოკასგან და საათსა და 27 წუთში სამ სეტში მოიგო – 6:3, 6:2, 6:2.
ჯოკოვიჩი იდეალური იყო ბრეიკ-პოინტების რეალიზაციისას – ექვსიდან ხუთი შანსი გამოიყენა, ნიშიოკამ კი ერთი გამოუყენებელი ბრეიკ-პოინტით დაასრულა შეხვედრა. სერბი პირველ მოწოდებაზეც უნაკლოდ თამაშობდა და მხოლოდ სამი ქულა დათმო, მეორეზე – ხუთი ქულა.
მერვედფინალში ჯოკოვიჩის მეტოქე არგენტინელი დიეგო შვარცმანი იქნება.