ავსტრალიის ერთ-ერთი ქალაქის მერი სოციალური დისტანცირების წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს
ავსტრალიის ვიქტორიის შტატის ერთ-ერთი ქალაქის მერი სოციალური დისტანცირების წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, სანაპირო ქალაქ უორნამბულის მერი ტონი ჰერბერტი სოციალური დისტანცირების წესების დარღვევისთვის ათასი დოლარით დააჯარიმეს. მერი ფოტოკამერით მაშინ დააფიქსირეს, როდესაც ის 7 აპრილს სასტუმროს მახლობლად სამ ადამიანთან ერთად იდგა და ლუდს სვამდა. მისი ფოტო სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
აღსანიშნავია, რომ სურათის გადაღებამდე რამდენიმე საათით ადრე, მერი ვიდეომიმართვაში ქალაქის მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებდა.
მოგვიანებით ტონი ჰერბერტმა ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ შეცდომა დაუშვა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ავსტრალიაში კორონავირუსის 6500-მდე შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილია 63 ადამიანი.