ავსტრალიაში პანდემიის ახალ ფაზაში კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატა
ავსტრალიაში პანდემიის ახალ ფაზაში კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატა

ავსტრალიაში პანდემიის ახალ ფაზაში „კოვიდ“-აფეთქებები დაიწყო. მედიის ინფორმაციით, ახალი შემთხვევები „კოვიდ-19“-ის დელტა ვარიანტს უკავშირდება, რომელიც სხვა ვარიანტებთან შედარებით მეტად გადამდებია.

სიდნეიში ვირუსი 128 ადამიანს დაუდასტურდა. კორონავირუსული ინფექციის ახალი შემთხვევები გამოვლინდა ჩრდილოეთის ტერიტორიაზე, ქუინსლენდში და დასავლეთ ავსტრალიაში. ბოლო თვეების განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ახალი შემთხვევები ერთდროულად ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში გამოვლინდა.

ყველაზე შემაშფოთებელი ვითარება სიდნეიშია, სადაც ხუთ მილიონ ადამიანს სახლში დარჩენის ბრძანება აქვს მიღებული. დახურული საზღვრების პოლიტიკის, მკაცრი კარანტინისა და სწრაფი ტესტირების გამო, ავსტრალიამ მთელი პანდემიის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის გადაცემის დაბალი მაჩვენებელი შეინარჩუნა.

მიმდინარე წელს ავსტრალიაში „კოვიდ-19“-ით არც ერთი ადამიანი არ დაღუპულა. პანდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში სულ 30 450 შემთხვევაა გამოვლენილი, 910 ადამიანი კი დაიღუპა.