ავსტრალიამ „ქურციკები“ დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა | რაგბი ჩემფიონშიფი (ვიდეო)

„რაგბი ჩემფიონშიფის“ მე-3 ტურის წინ ავსტრალიელებს ორი მარცხი ჰქონდათ და გამარჯვება აუცილებლად სჭირდებოდათ. „ვოლაბებს“ ბრისბენში სამხრეთ აფრიკა ესტუმრა. საგულისხმოა, რომ ავსტრალიელებს თამაშამდე გუნდის ორი ლიდერი, ისრაელ ფოლაუ და დევიდ ფოქოქი გამოაკლდნენ.

როგორც მოსალოდნელი იყო დაპირისპირება დაძაბული გამოდგა და მასპინძლებმა ხუთიოდ ქულით – 23-18 იმარჯვეს.

 

გუნდებმა ორ-ორი ლელო დადეს, მაგრამ თამაშის ბედი მეორე ტაიმში მეტ ტუმუას მიერ შესრულებულმა ორმა ზუსტმა საჯარიმო დარტყმამ გადაწყვიტა.

დაპირისპირების ოთხივე ლელო პირველ ტაიმში დაიდო. მასპინძლები მეორე წუთზევე, მაიკლ ჰუპერის მიძალების შემდეგ დაწინაურდნენ.

მომდევნო 15 წუთის მანძილზე სამხრეთ აფრიკელები დომინირებდნენ და მათ ანგარიში მბონამბის ლელოთი გაათანაბრეს. რამდენიმე წუთში საჯარიმო დარტყმა ელტონ იანკისმა შეასრულა ზუსტად და „ქურციკები“ წინ პირველად გაიყვანა.

28-ე წუთზე ფაფ დე კლერკის გრძელ გადაცემას მაკაზოლე მაპიმპი გამოეხმაურა და სტუმრები კიდევ უფრო დააწინაურა – 7:15.

„ვოლაბებმა“ ანგარიშში სხვაობა მალევე შეამცირეს. „ქურციკების“ ნახევარზე მათივე ხუთ მეტრიანი დერეფანი იყო. სტუმრების კვაჭმა, მბონამბიმ ბურთი პირდაპირ მეტოქის მგეზავს, მეტ ტუმუას ჩაუგდო ხელში, რომელმაც კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ლელო დადო და თავადვე გარდასახა.

პირველი ნახევრის დასრულებამდე გუნდებმა თითო საჯარიმო დარტყმა გაცვალეს და ტაიმი სტუმართა გამარჯვებით – 17:18 დასრულდა.

შეხვედრის მეორე ნახევარში თამაშის სცენარი შეიცვალა – გუნდები უფრო ფრთხილობდნენ და დაცვაში უკეთ ირჯებოდნენ, ვიდრე შეტევაში. დაპირისპირების ბედი მეტ ტუმუამ გადაწყვიტა, რომელმაც საჯარიმო დარტყმები ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიში 23-18 დააფიქსირა.

სამხრეთ აფრიკა სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს, მათ ანგარიშზე ექვსი ქულაა. ოთხი ქულით ბოლო, მეოთხე ადგილს ავსტრალია იკავებს, რომლებმაც პირველი ოთხი ქულა დღევანდელ შეხვედრაში მოიპოვეს.