ავიაკომპანიებს, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეებს ჩამოიყვანენ, ბილეთების ფასზე მაქსიმალური ზღვარი უწესდებათ
ავიაკომპანიებს, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეებს ჩამოიყვანენ, ბილეთების ფასზე მაქსიმალური ზღვარი უწესდებათ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის დროს  ყველა კომპანია კანონით ვალდებულია, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვასთან და კორონავირუსთან შეუფერხებელ ბრძოლასთან დაკავშირებით, მთავრობის მოთხოვნები შეასრულოს.

მისივე თქმით, ეს ეხება მათ შორის ავიაკომპანიებსაც.

„ჩვენ დავასრულეთ ყველანაირი მოლაპარაკება და ძალიან მარტივია ჩვენი გადაწყვეტილება და ხედვა. ჩვენ ვიმყოფებით საგანგებო ვითარებაში, საგანგებო მდგომარეობაში და ყველა კომპანია ვალდებულია, სხვა თუ არაფერი, პატრიოტული მოწოდებითაც კი, მაგრამ კანონით ვალდებულია შეასრულოს ჩვენი მოთხოვნები, რაც დაკავშირებულია ადამიანების ჯანმრთელობის დაცვასთან და კორონავირუსთან შეუფერხებელ ბრძოლასთან, მათ შორის ავიაკომპანიებიც“ ,- განაცხადა თურნავამ.

თურნავას განცხადებით, ავიაკომპანიებს, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეებს ჩამოიყვანენ, ბილეთების ფასის მაქსიმალური ზღვარი უწესდებათ.

„შესაბამისად, ჩემმა კოლეგამ, საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ კვირაში ორი რეისი შესრულდება სპეციალური ჩარტერული რეისი, სახელმწიფო არ განახორციელებს რაიმე სახის სუბსიდირებას, მაგრამ ავიაკომპანია, რომელიც ამ რეისს შეასრულებს, მკაცრად არის გაფრთხილებული, რომ მაქსიმალურად მისაღები ფასები უნდა იყოს, ბილეთებზე ხელმისაწვდომი ფასები და ჩვენ ამ ფასების მაქსიმალურ ზღვარს მათ ვუწესებთ.

ასევე გაფრთხილებულია, რომ ჩვენი თანამემამულეების ჩამოყვანა უნდა მოხდეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებული წესებით, შიგნით უნდა იყოს კონკრეტული განთავსების წესები, ანუ დაცული უნდა იყოს ე.წ. ჭადრაკული განთავსება თვითმფრინავში. ასევე მათი უსაფრთხოებისთვის კეთდება და ჩვენ მიღებული გვაქვს დასტური „აირზენასგან“, რომ ისინი ამას დაემორჩილებიან რადგან ეს არის მოცემულობა, ეს არის დღევანდელი საგანგებო ვითარების რეალობა და ამას ყველამ  პატივი უნდა სცეს“ ,- აღნიშნა თურნავამ.

ცოტა ხნის წინ, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განმარტა, რომ ბილეთების ფასი 199 ევროს არ უნდა აღემატებოდეს.