ავიაკომპანია „მაი ვეი ეარლაინსი“ - შესაძლოა, რუსეთში ფრენები 8 ივლისზე ადრეც შეწყდეს
ავიაკომპანია „მაი ვეი ეარლაინსი“ - შესაძლოა, რუსეთში ფრენები 8 ივლისზე ადრეც შეწყდეს

ქართული ავიაკომპანია „მაი ვეი ეარლაინსი“ს (My Way Airlines) კომერციული დირექტორი იგორ აფციაური არ გამორიცხავს, რომ რუსეთის მიმართულებით ფრენების შეწყვეტა კომპანიებს 8 ივლისზე ადრე მოუწიოთ.

„უკვე რაც ვნახეთ მესიჯები და რა მოთხოვნებიც დააყენა რუსეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, ისინი სამწუხაროდ, ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს მოხდეს უფრო მალე, ვიდრე 8 ივლისი”, – აცხადებს აფციაური.

ავიაკომპანიამ თბილისი-ჟუკოვსკის მიმართულებით ფრენები 26 აპრილიდან ოთხი სიხშირით დაიწყო და სიხშირეების გაზრდას გეგმავდა.
„ველოდებით ოფიციალურ შეტყობინებას და ამის შემდეგ მივიღებთ შესაბამის ზომებს და გავაჩერებთ გაყიდვებს. მგზავრებს თანხა სრულად აუნაზღაურდებათ. დაახლოებით მილიონ დოლარს აღწევს ეს თანხა, რადგან გაყიდვები გახსნილი გვქონდა ოქტომბრის ბოლომდე. 3500 სეგმენტი გვქონდა გაყიდული თბილისი-ჟუკოვსკიზე და კომერციულად ეს ჩვენთვის დიდი დანაკლისია”, – აღნიშნავს აფციაური.

მისივე თქმით, კომპანიას რუსეთის საავიაციო ხელისუფლების წინაშე დავალიანება არ გააჩნია, ფრენების უსაფრთხოების კუთხით ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაცია კი, რამდენიმე თვის წინ წარადგინეს.

ამასთან, აფციაურის განცხადებით, გააქტიურდება მუშაობა ევროპისა და აზიის ბაზრებზე და მალე ავიაკომპანია ახალ მიმართულებებზე გააკეთებს განცხადებას.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ საქართველოდან რუსეთში ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ავიარეისები 8 ივლისიდან უნდა შეჩერდეს. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ფრენების განხორციელება დროებით აუკრძალა.