ავღანეთში უსაფრთხოების ძალების შვიდი წარმომადგენელი მოკლეს
ავღანეთში უსაფრთხოების ძალების შვიდი წარმომადგენელი მოკლეს

რამადან ბაირამზე სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ პირველად, ავღანეთში უსაფრთხოების ძალების შვიდი წარმომადგენელი მოკლეს. ავღანეთის მთავრობა თავდასხმაში რადიკალურ მოძრაობა „თალიბანს“ ადანაშაულებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული მებრძოლები ქაბულის ჩრდილოეთით საკონტროლო გამშვებ პუნქტს დაესხნენ თავს.

ორმხრივი დაპირისპირების შედეგად დანაკარგები აქვს „თალიბანმაც“. რადიკალური მოძრაობა მომხდარ დაპირისპირებაზე კომენტარს არ აკეთებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ 27 მაისს ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა ქვეყნის სამხრეთში ავიაიერიშები განახორციელეს, რასაც 18 მებრძოლი ემსხვერპლა.

მუსლიმურ დღესასწაულ რამადან ბაირამზე ცეცხლის შეწყვეტის ინიციატორი „თალიბანი“ იყო. თალიბების ინიციატივას ავღანეთის ხელისუფლებამ 1 000 მებრძოლის პატიმრობიდან გათავისუფლებით უპასუხა.