ავღანეთში „თალიბანის“ მებრძოლების თავდასხმის შედეგად, რვა პოლიციელი დაიღუპა
ავღანეთში მოძრაობა „თალიბანის“ მებრძოლები სამართალდამცველებს დაესხნენ თავს. თავდასხმის შედეგად, რვა პოლიციელი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. ამის შესახებ Associated Press-ი ცენტრალური აზიის ქვეყნის ოფიციალური პირების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც ცნობილია, თავდასხმა ფარაჰის პროვინციაში, საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მოხდა. ცოტა ხნის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში არსებულ ურუზგანის პროვინციაში რადიკალური მოძრაობის წევრებმა ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ბაზა დაიკავეს.
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის უკანასკნელი ანგარიშის თანახმად, ავღანეთის მთლიანი ტერიტორიის 12 პროცენტს „თალიბანის“ წევრები აკონტროლებენ. ქვეყნის მასშტაბით კი რადიკალური მოძრაობის ათობით ათასი წევრი იმყოფება.