ავღანეთში, ყანდაარის პროვინციაში უსაფრთხოების საკითხზე მიმდინარე შეხვედრაზე სროლისას ყანდაარის პოლიციის უფროსი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ყანდაარის გუბერნატორის დაცვის წევრთა ნაწილმა გახსნა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა გუბერნატორი და შეხვედრაზე მყოფი პირები. მათ შორის ორი ამერიკელი სამხედროც. თავდასხმას უვნებლად გადაურჩა ავღანეთში ნატო-ს მისიის ხელმძღვანელი გენერალი სკოტ მილერი. ავღანეთში ნატო-ს ძალების პრესსპიკერის, კნუტ პიტერსის განცხადებით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. თუმცა, დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის.
რამდენიმე საათით ადრე, ბაგრამის სამხედრო ბაზასთან აფეთქების შედეგად ხუთი ჩეხი სამხედრო დაშავდა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმა სამხედროების პატრულირების დროს მოხდა. ავტომობილში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ ამოქმედდა, როდესაც მას სამხედრო მანქანა მიუახლოვდა. აფეთქების შედეგად, ჯარისკაცების ავტომობილი გადატრიალდა. დაშავებულთაგან ოთხს მსუბუქი ტრავმები აქვს, მეხუთეს მდგომარეობა კი, მძიმეა.
დაშავებულები ბაგრამის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, აფეთქებისას ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.