ავღანეთში „ძალადობის შემცირების რეჟიმი“ 22 თებერვლიდან ამოქმედდება. ავღანეთის ხელისუფლებასა და რადიკალურ მოძრაობა „თალიბანს“ შორის რეჟიმი შვიდი დღის განმავლობაში იმოქმედებს, რაც სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების წინაპირობა იქნება.
ავღანური გამოცემა „ტოლო ნიუსის“ ინფორმაციით, ძალადობის შემცირების რეჟიმის დროს „თალიბანი“ თავდასხმებს მნიშვნელოვნად შეამცირებს, დაჯგუფება თავს აღარ დაესხმება ქალაქებს, ავტომაგისტრალებს, აშშ-ის სამხედრო ბაზებს და ავღანეთის უსაფრთხოების ძალების ცენტრებს.
გეგმის თანახმად, შეტევით ოპერაციებს შეწყვეტენ ავღანეთის უსაფრთხოების ძალები და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, 13 თებერვალს განაცხადა, რომ ვაშინგტონმა და „თალიბანმა“ სამშვიდობო შეთანხმებას შესაძლოა უახლოეს მომავალში მიაღწიონ.