ავღანეთში ავტობუსის აფეთქებას სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთში ავტობუსის აფეთქებას სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში ავტობუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

ინციდენტი ავღანეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე პროვინცია ზაბულში მოხდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, აფეთქების შედეგად დაშავდა 25 ადამიანი. მათ შორის არიან ქალები და ბავშვები. პარალელურად ვრცელდება ცნობები, რომ კიდევ ორი აფეთქება მოხდა ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ შემთხვევაშიც თავდასხმის სამიზნე ავტობუსი გახდა. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა.

მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. მანამდე ცნობილი გახდა, რომ მოძრაობა „თალიბანმა“, რელიგიური დღესასწაულის გამო სამი დღით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა.

ავღანეთში ძალადობის ესკალაცია მაშინ ხდება, როდესაც უცხოელი ჯარისკაცები ქვეყნიდან გასასვლელად ემზადებიან. ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთს 11 სექტემბრამდე დატოვებენ. ამავე პერიოდში ქვეყნიდან გავლენ ნატო-ს სამხედროებიც.