ავარიისას დაშავებული საქართველოს მოქალაქეების მოსანახულებლად, ტრაპიზონში აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ჩავა
ავარიისას დაშავებული საქართველოს მოქალაქეების მოსანახულებლად, ტრაპიზონში აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ჩავა

ტრაპიზონში ავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს სამი მოქალაქე მკურნალობას განაგრძობს. საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში კვლავ რჩება დაშავებული ცოლ-ქმარი. მესამე მოქალაქეს, რომელიც მუნიციპალურ საავადმყოფოშია მოთავსებული, დღეს  პალატაში გადაიყვანენ. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

საქართველოს გენერალური კონსულის, ავთანდილ მიქაცაძის განცხადებით, ტრაპიზონში დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ჩავა და დაშავებულებს მოინახულებს. მისივე თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, გუშინ ტრაპიზონში სასამართლო პროცესი გაიმართა. მძღოლი გათავისუფლებულია, თუმცა საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

„არც ერთმა საქართველოს მოქალაქემ არ გამოხატა საჩივრის სახით რაიმე პრეტენზია. მძღოლი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს, თუმცა გამოძიება გრძელდება. 17 მოქალაქე სარეზერვო მიკროავტობუსით უკვე დაბრუნდა საქართველოში. გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ხაზზე ვიყავით აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან და ვაწვდიდით ინფორმაციას დაშავებულთა მდგომარეობის შესახებ, დღეს ჩამოვა აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და ერთად ვინახულებთ დაშავებულებს“,-განაცხადა ავთანდილ მიქაცაძემ.

თურქეთში, ტრაპიზონში მიკროავტობუსი ქართული სანომრე ნიშნით ავარიაში გუშინ, გამთენიისას მოყვა. ავტომანქანას საქართველოს 21 მოქალაქე, სეზონზე დროებით მომუშავე მუშები გადაჰყავდა.