ავსტრალიის ღია პირველობაზე 1/16 ფინალის ეტაპი დაიწყო და დღევანდელი მატჩების შემდეგ, მამაკაცთა ტურნირის პირველი რვა მერვედფინალისტი ცნობილი გახდა.
ყველაზე იოლად მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა მოიგო – მან მხოლოდ ხუთი გეიმი დაუთმო ბოსნიელ დამირ ჯუმჰურს – 6:1, 6:3, 6:1. ესპანელს ამ შეხვედრაში 16 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და 7 შანსი გამოიყენა, ბოსნიელმა – ორიდან ერთი. მერვედფინალში ნადალი არგენტინელ დიეგო შვარცმანს შეხვდება. ესპანელმა მელბურნში სამი მატჩი ისე მოიგო, რომ ჯერ სეტი არ წაუგია, ცხრიდან ხუთ პარტიაში კი 6:1 დააფიქსირა.
მერვედფინალში გავიდა მსოფლიოს მესამე ჩოგანი გრიგორ დიმიტროვი. მას ოთხი სეტის თამაში მოუწია რუსი ანდრეი რუბლიოვის წინააღმდეგ და სამ საათში 6:3, 4:6, 6:4, 6:4 მოიგო. ორივე ჩოგბურთელი საშინლად თამაშობდა საკუთარ მოწოდებაზე – დიმიტროვს 15 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, რუბლიოვს – 13, ჯამში კი 34 ბრეიკ-პოინტი დაფიქსირდა.
შემდეგ წრეში დიმიტროვს კიდევ უფრო რთული მატჩი ელოდება მასპინძელი ნიკ კირგიოსის წინააღმდეგ. ავსტრალიელს სამი ტაი-ბრეიკის თამაში მოუწია ჟო-ვილფრიდ ცონგასთან და 3 საათსა და 21 წუთში ოთხ სეტში მოიგო. ორივე ჩოგბურთელი შემტევ ჩოგბურთს თამაშობდა – კირგიოსს 54 “ვინერსი” ჰქონდა, ცონგას -70. გარდა ამისა, ორივემ 28 ეისი ჩააწოდა.
ნადალის გარდა კიდევ ერთი ჩოგბურთელი, რომელმაც სამ სეტში მოიგო, ტურნირის მეექვსე ნომერი, ხორვატი მარინ ჩილიჩი იყო. მან მამაკაცთა ბადეში შემორჩენილი ბოლო ამერიკელი რაიან ჰარისონი დაამარცხა – 7:6(4), 6:3, 7:6(4). ხორვატის ანგარიშზე 53 “ვინერსი” იყო. ჩილიჩი ბოლო ექვს წელიწადში მეხუთედ გავიდა ავსტრალიის ღიას მერვედფინალში და იქ ესპანელ პაბლო კარენიო ბუსტას შეხვდება.
1/16 ფინალის შედეგები:
ნადალი (ესპ, 1)-ჯუმჰური (ბოს, 28) 6:1, 6:3, 6:1
დიმიტროვი (ბულ, 3)-რუბლიოვი (რუს, 30) 6:3, 4:6, 6:4, 6:4
ჩილიჩი (ხორ, 6)-ჰარისონი (აშშ) 7:6(4), 6:3, 7:6(4)
კარენიო ბუსტა (ესპ, 10)-მიულერი (ლუქ, 23) 7:6(4), 4:6, 7:5, 7:5
კირგიოსი (ავსტრა, 17)-ცონგა (საფ, 15) 7:6(5), 4:6, 7:6(6), 7:6(5)
შვარცმანი (არგ, 24)-დოლგოპოლოვი (უკრ) 6:7(1), 6:2, 6:3, 6:3
ედმუნდი (ბრიტ)-ბასილაშვილი (საქ) 7:6(0), 3:6, 4:6, 6:0, 7:5
სეპი (იტა)-კარლოვიჩი (ხორ) 6:3, 7:6(4), 6:7(3), 6:7(5), 9:7