შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა ზედიზედ მეორე ხუთსეტიან ფინალში მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა და ამ ტურნირის ექვსგზის ჩემპიონი გახდა.
როჯერი ფინალური მატჩის ულაპარაკო ფავორიტი იყო. 36 წლის შვეიცარიელმა კარიერაში მესამედ “დიდი სლემის” ტურნირის ფინალამდე ისე მიაღწია, რომ სეტი არ წაუგია. გარდა ამისა, შვეიცარიელი ურთიერთშეხვედრებში 8:1-ს ამარცხებდა ხორვატს.
როჯერის ერთადერთი მარცხი 2014 წლით თარიღდებოდა – მაშინ, აშშ-ის ღია პირველობის ნახევარფინალში ჩილიჩმა სამ სეტში მოიგო და შემდეგ, ტიტულიც აიღო. ეს იყო მის კარიერაში ერთადერთი ფინალი და მოგება “დიდი სლემის” ტურნირებზე. შედარებისთვის, ფედერერი 30-ე ფინალში თამაშობდა და მე-20 ტიტულს უმიზნებდა.
ფინალი ფედერერის სრული დომინირებით დაიწყო. მან ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა პირველი ოთხი გეიმი, ორი ბრეიკი შეასრულა და 4:0 დაწინაურდა. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო გონს მოსვლა ჩილიჩმა და მან ორი საკუთარი გეიმი მოიგო, მაგრამ მეტოქის მოწოდებაზე შანსი არ ჰქონდა – პირველ სეტში ფედერერმა საკუთარ გეიმებში მხოლოდ 2 (!) ქულა წააგო. შედეგად, შვეიცარიელმა პირველი პარტია 25 წუთში 6:2 მოიგო.
მეორე სეტის დასაწყისი ჩილიჩისთვის დამაიმედებელი იყო – მან თავისი გეიმი იოლად მოიგო, მეტოქის მოწოდებაზე კი ორმაგი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა. ფედერერმა ორივე საფრთხე მოიგერია. ამის შემდეგ, ჩოგბურთელები რიგრიგობით იგებდნენ საკუთარ მოწოდებებს. ამასთან, ორივეს ჰქონდა ბრეიკების შანსი – როჯერმა მომდევნო გეიმებში სამი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, ჩილიჩს კი 5:4-ზე სეტბოლი ჰქონდა, მაგრამ მანაც გაუშვა შანსი ხელიდან. პარტიაში ბრძოლამ კულმინაციას ტაი-ბრეიკზე მიღწია, რომელიც მარინმა 7:5 მოიგო. ეს როჯერ ფედერერისთვის ტურნირზე პირველი წაგებული სეტი იყო.
მესამე სეტში თითქმის სულ თანაბარი ბრძოლა მიდიოდა. ერთადერთ გეიმში დაფიქსირდა ბრეიკ-პოინტები – მეექვსეში ჩილიჩი 0:40 ჩამორჩა და როჯერმა შანსი ხელიდან არ გაუშვა. ეს საკმარისი აღმოჩნდა სეტის მოსაგებად – 6:3.
ამ წაგებით განაწყენებულმა ჩილიჩმა მეოთხე სეტის პირველივე გეიმში დათმო საკუთარი მოწოდება. შესაბამისად, როჯერს საკუთარი გეიმების აღება სჭირდებოდა და ტიტულიც მას დარჩებოდა. ეს რთული არ უნდა ყოფილიყო, რადგან მანამდე ჩილიჩს მხოლოდ სამი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და არც ერთი ბრეიკი.
ფედერერმა დაიწყო ტიტულისკენ სვლა – აიღო ორი თავისი გეიმი და 3:1 დაწინაურდა. და აი, აქ ლეგენდამ სრულიად დაკარგა თამაშზე კონტროლი. საერთოდ მოიშალა პირველი მოწოდება, რითაც ჩილიჩმა ძალიან კარგად ისარგებლა, ზედიზედ 5 გეიმი აიღო და სეტებს შორის ანგარიში გაათანაბრა – 6:3.
ამ მომენტს ფსიქოლოგიური უპირატესობა ჩილიჩისთვის უნდა მოეტანა და თითქოს ასეც მოხდა, რადგან ფედერერს მეხუთე სეტის პირველ გეიმში ორი ბრეიკ-პოინტს მოგერიება მოუწია. შვეიცარიელი გადარჩა და იქვე თავად გააკეთა რიგით მეხუთე გეიმი.
ისევე, როგორც მეოთხე სეტში, როჯერმა მეხუთეშიც ბრეიკით შეძლო წინა გასვლა. და, ამჯერად, შანსი ხელიდან აღარ გაუშვა. უფრო მეტიც, კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა, 5:1 დაწინაურდა და მატჩზე ჩააწოდა. 3 საათი და 7 წუთი ბრძოლის შემდეგ – 6:2, 6:7(5), 6:3, 3:6, 6:1.