ქალებს შორის ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონი დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი გახდა, რომელმაც თითქმის სამსაათიან მარათონში დაამარცხა რუმინელი სიმონა ჰალეპი.
ქალთა ტურნირის ფინალი დიდი ინტერესს იწვევდა თუნდაც იმიტომ, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, როცა გადამწყვეტ მატჩში პირველ და მეორე ნომრად განთესილი ჩოგბურთელები ხვდებოდნენ ერთმანეთს.
ჰალეპისთვისაც და ვოზნიაცკისთვისაც ეს “დიდი სლემის” ტურნირებზე მესამე ფინალი იყო. წინა ფინალები ორივე მათგანს წაგებული ჰქონდა, ასე რომ, მელბურნში კარიერაში პირველი ტიტულისთვის იბრძოდნენ. გარდა ამისა, ამ ფინალს სხვა მნიშვნელოვანი დატვირთვაც ჰქონდა – მოგებული მსოფლიოს პირველი ჩოგანი ხდებოდა.
ფინალამდე ორივემ 2-2 სეტი წააგეს, თუმცა, ჰალეპის გზას უფრო რთული ეთქმოდა, რადგან რუმინელმა ხუთი მატჩბოლი მოიგერია – სამი ლორენ დევისის წინააღმდეგ და ორი – ანჟელიკ კერბერთან ნახევარფინალში. სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევაა “დიდი სლემის” ტურნირების ისტორიაში, როცა ჩოგბურთელი ფინალამდე ისე მივიდა, რომ ორ მატჩში მოუწია მატჩბოლების მოგერიება. ვოზნიაცკიმაც მოიგერია ორი მატჩბოლი მეორე წრეში ხორვატ იანა ფერისთან მატჩში.
ურთიერთშეხვედრებში ვოზნიაცკი წინ იყო – 4:2, თან ბოლო სამი მატჩი ზედიზედ მოუგო ჰალეპს. მიუხედავად ამისა, ბუკმეიკერები აშკარა უპირატესობას ჰალეპს ანიჭებდნენ.
მატჩის დასაწყისში მათი პროგნოზები არ გამართლდა. ვოზნიაცკიმ ბრეიკი მეტოქის პირველივე გეიმში შეასრულა და 2:0 დაწინაურდა.
დანიელი შესანიშნავად მოქმედებდა საკუთარ მოწოდებაზე და ბრეიკ-პოინტის შანსს არ აძლევდა რუმინელს. ასე მივიდნენ ჩოგბურთელები მეცხრე გეიმამდე, რომელშიც ვოზნიაცკი სეტზე აწვდიდა. აქ კაროლინს მოულოდნელი ჩავარდნა ჰქონდა – სამმაგი ბრეიკ-პოინტი აჩუქა მოწინააღმდეგეს და ჰალეპმა ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა. საბოლოოდ, საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ვოზნიაცკიმ სრული უპირატესობა ჰქონდა – 7:2. პირველი პარტია 50 წუთი გრძელდებოდა.
ვოზნიაცკის მეორე სეტის სტარტზეც შეეძლო ბრეიკის შესრულება – მესამე გეიმში, რომელიც დაახლოებით 13 წუთი გრძელდებოდა, დანიელმა ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, მაგრამ ვერც ერთი შანსი ვერ გამოიყენა. ჰალეპმა კი სეტში ერთადერთი შანსი ხელიდან არ გაუშვა – მერვე გეიმში აიღო მეტოქის მოწოდება და 5:4-ზე სეტზე ჩააწოდა, თუმცა, ამისთვის, სამი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია – 6:4.
მესამე სეტში ჩოგბურთელებს დაღლა დაეტყოთ, რაზეც პირველ რვა გეიმში შესრულებული ექვსი ბრეიკი (სამ-სამი თითომ) მეტყველებს. ჯერ ვოზნიაცკი ორჯერ იგებდა ბრეიკით, შემდეგ ჰალეპმა შეძლო წინ გასვლა (4:3), მაგრამ დანიელმა უკუბრეიკით გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ კი თავისი მოწოდებაც აიღო და ტიტულს ერთი გეიმის მოგება აშორებდა.
ეს გეიმი კაროლინმა პირველივე მატჩბოლზე მოიგო და 2 საათი და 53 წუთი ბრძოლის შემდეგ, ატირებული იღებდა მილოცვას ჰალეპისგან – 7:6(2), 3:6, 6:4.
კაროლინ ვოზნიაცკი გახდა პირველი დანიელი ჩოგბურთელი ისტორიაში (მამაკაცებშიც და ქალებშიც), ვინც “დიდი სლემის” ტურნირი მოიგო.