არგენტინის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა, ამჟამად მსოფლიო რაგბის ვიცე-პრეზიდენტმა აუგუსტინ პიშომ ოფიციალურად დაადასტურა მსოფლიო რაგბის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი. პიშომ „ტვიტერზე“ შემდეგი განცხადება გააკეთა
„ეს იქნება ძალიან კრიტიკული არჩევნები, რაგბისთვის ძალიან კრიტიკულ მომენტში. ახლა ცვლილებების დროა. სპორტის ეს სახეობა ძალიან პოპულარული გახდა და რაგბის მმართველი ორგანოების ხელმძღვანელებისთვის კომერციულად ძალიან მომგებიანიც. მსოფლიოს ყველა ფედერაცია კარგად უნდა დაფიქრდეს, ჩვენ სარგებელი უნდა მოვუტანოთ რაგბის. მე და მსოფლიო რაგბის ამჟამინდელ პრეზიდენტს ბილ ბომონტს განსხვავებული ხედვები გვაქვს,“ – განაცხადა აუგუსტინ პიშომ
45 წლის აუგუსტინ პიშომ სარაგბო კარიერა 2009 წელს დაასრულა. იგი მსოფლიო რაგბის ვიცე პრეზიდენტად 2016 წლიდან მუშაობს. არგენტინელ სპეციალისტს უკავშირდება ექვსი ერის გათამაშების ახალი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც პირველი და მეორე ეშელონის ქვეყნების ნაკრებებს შორის უერთიერთშეხვედრების რაოდენობა გაიზარდა. ასევე პიშო გახლდათ მთავარი ინიციატორი „რაგბი ჩემფიონშიფის“ გათამაშებაში არგენტინის ეროვნული ნაკრების ჩართვის.
მსოფლიო რაგბის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის მაისშია ჩანიშნული.