აუდიტის სამსახური - აჭარის გზების დეპარტამენტი შესყიდვებს არათანაბარი კონკურენციის პირობებში ახორციელებდა
აუდიტის სამსახური - აჭარის გზების დეპარტამენტი შესყიდვებს არათანაბარი კონკურენციის პირობებში ახორციელებდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახური აჭარის გზების დეპარტამენტის 2016-2017 წლების საქმიანობის შესახებ  ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტის ერთ-ერთი ნაწილი არათანაბარი კონკურენციის პირობებში შესყიდვების განხორციელებას ეძღვნება.

კერძოდ, საუბარია ქობულეთის მუნიციპალიტეტში გზებზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე.

აუდიტის ცნობით, ტენდერში მონაწილე ხუთი კომპანიიდან ოთხის დისკვალიფიკაცია მოხდა და გაიმარჯვა ყველაზე მაღალი ფასის წარმდგენმა პრეტენდენტმა.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ შპს „გზამშენი“-ს დისკვალიფიკაცია სატენდერო კომისიამ ისე მოახდინა, რომ არ მიუმართავს მისთვის დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, გამარჯვებულად კი შპს „სამკუთხედი“ გამოცხადდა, რომლის ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა სატენდერო პირობებს. კომპანიამ წარმოადგინა ინფორმაცია სამუშაო გამოცდილებაზე – 1 085 791 ლარის ღირებულების შესრულებაზე, მოთხოვნილი 1.5 მილიონის ნაცვლად.

„დეპარტამენტმა რიგ შემთხვევებში, არათანაბარი კონკურენციის პირობებში, არაპროპორციული, დისკრიმინაციული მიდგომით შეარჩია პრეტენდენტები და გამარჯვებულად გამოავლინა ყველაზე მაღალი ფასის წარმომდგენი პრეტენდენტი. აღნიშნული ქმედება სახელმწიფო შესყიდვის პირობების კონკრეტულ პრეტენდენტზე მორგების და საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი ხარჯვის რისკებს შეიცავს“, – აღნიშნავენ აუდიტის სამსახურში.

უწყება რეკომენდაციით მიმართავს აჭარის გზების დეპარტამენტს, გამოიკვლიოს არათანაბარი კონკურენციის პირობებში, არაერთგვაროვანი მიდგომით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების მიზეზები და გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

„ამასთანავე, შეიმუშაოს სათანადო კონტროლის მექანიზმები, რაც შემდგომში  თანაბარი კონკურენციის პირობებში პრეტენდენტის გამარჯვებულად აღიარებას უზრუნველყოფს“, – მითითებულია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

დატოვე კომენტარი