აუდიტის სამსახური – 2020 წლის ექვსი თვის მონაცემებით, პარტიების შემოსავალმა 12 878 002 ლარი შეადგინა

11:26, 05.08.2020

აუდიტის სამსახურის პარტიების ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2020 წლის ექვსი თვის მონაცემებით, პარტიების შემოსავალმა 12 878 002 ლარი შეადგინა.

შემოსავლები ამგვარად განაწილდა – „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 5 929 492 ლარი, მოძრაობა „ლელო“ – 1 494 915, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 1 047 180 ლარი, „პატრიოტთა ალიანსი“ – 948 246 ლარი, „ევროპული საქართველო“ – 749 255 ლარი, სხვა პარტიები – 2 708 914 ლარი.

2020 წლის ექვსი თვის ფინანსებში, პარტიათა შემოწირულობა 7 004 696 შეადგენს. ყველაზე მეტი შემოწირულობა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო.

ექვსი თვის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ შემოწირულობამ შეადგინა 4 720 251 ლარი, „ლელო“ – 1 494 915 ლარი (ის სრულად შემოწირულობით ფინანსდება, რადგან მას საბიუჯეტო დაფინანსება არ აქვს), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 465 869 ლარი, „ევროპული საქართველო“ – 145 900 ლარი, „პატრიოტები“ – 144 000 ლარი, სხვა პარტიების შემოწირულობა – 33 596 ლარი.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ოფიციალურად დაასახელებს არჩევნების თარიღს, პოლიტიკურ სუბიექტებს უკვე კანონისმიერი ვალდებულება ექნებათ, აუდიტის სამსახურს შემოსავლების ყოველთვიური ანგარიში წარუდგინონ.

მსგავსი