ათწლეულების განმავლობაში ტყვეობაში მყოფი პორტუგალიის ორი მოქალაქე გათავისუფლებულია
პორტუგალიის იუსტიციის პოლიციისა (Judiciary Police) და ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის (Civil Guard) ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად, ესპანეთში, ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით, ხუთი ადამიანი დააკავეს და ათწლეულების განმავლობაში ტყვეობაში მყოფი ორი პირი გაათავისუფლეს.
სპეცოპერაცია „Mãos Livres“ (ქართულად: „თავისუფალი ხელები“), რომელიც პორტუგალიელმა და ესპანელმა სამართალდამცავებმა ჩაატარეს, დამნაშავეთა ქსელის გამოვლენას ისახავდა მიზნად. ეს ჯგუფი, სავარაუდოდ, რამდენიმე წლის განმავლობაში პორტუგალიაში ეკონომიკურად დაუცველ და სოციალურად მოწყვლად პირებს იბირებდა და სამუშაოდ ესპანეთის ფერმებში მიჰყავდა.
ეჭვმიტანილთაგან სამი ესპანეთში, ბურგოსის რეგიონში დააკავეს, ხოლო დანარჩენი ორი – პორტუგალიაში.
ამით გადარჩა ტრეფიკინგის ორი მსხვერპლი, რომლებიც ამ ქსელის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ – ერთი მათგანი 30 წლის, მეორე კი 15 წლის განმავლობაში.
პორტუგალიის იუსტიციის პოლიციის განცხადებით, ტრეფიკინგის ორივე მსხვერპლი ღირსების შემლახველ პირობებში ცხოვრობდა, მუდმივი იძულების ქვეშ იმყოფებოდ და ეჭვმიტანილები მათ კუთვნილ ხელფასს მთლიანად ითვისებდნენ.
კასტილია და ლეონის ავტონომიური გაერთიანების სამოქალაქო გვარდიამ ჩრდილოეთ ესპანეთში ორ ეტაპად ჩაატარა სპეცოპერაცია საოჯახო კლანის წინააღმდეგ, რომელიც ფინანსური პრობლემების მქონე მოწყვლად პირებზე ორგანიზებულად ნადირობდა.
„ეჭვმიტანილები დამსაქმებლებს, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის, ესპანეთის ტერიტორიაზე არაკვალიფიციური მუშახელს აწვდიდნენ. ისინი ტრეფიკინგის მსხვერპლთ აიძულებდნენ, უკიდურესად მძიმე პირობებში ეცხოვრათ და მუდმივი ზეწოლისა და მუქარის ქვეშ ამყოფებდნენ. ამასთან, მათ მიერ გამომუშავებულ თანხას თითქმის მთლიანად ითვისებდნენ “, – აღნიშნულია პორტუგალიის იუსტიციის პოლიციის განცხადებაში.
დამნაშავეთა ჯგუფი საკუთარ ცხოვრებაზე ყოველგვარი კონტროლის გარეშე დარჩენილ ტრეფიკინგის მსხვერპლთ ესპანეთის სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში არეგისტრირებდა, რათა მათთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება ყოფილიყო შესაძლებელი. ამ გზით ისინი, ხელფასების გარდა, სოციალური შეღავათებით გათვალისწინებულ სარგებელსაც ითვისებდნენ. გარდა ამისა, ტრეფიკინგის მსხვერპლთა სახელზე ხსნიდნენ საბანკო ანგარიშებს და არეგისტრირებდნენ ავტომობილებს, რაც ერთგვარ სტრატეგიას წარმოადგენდა, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს დამნაშავეთა კვალზე გასვლას ურთულებდა.
პორტუგალიაში დაკავებული ორი მამაკაცი, რომლებიც ადამიანებით ვაჭრობაში არიან ეჭვმიტანილნი, 54 და 56 წლისანი არიან. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ მათგანი ანალოგიური დანაშაულისთვის უკვე გასამართლებულია. ისინი სასამართლოს წინაშე, აღკვეთის ღონისძიების შესაფარდებლად, უახლოეს მომავალში წარსდგებიან.
ესპანეთში დაკავებული 32-დან 35 წლამდე ასაკის სამი მამაკაცი კი მადრიდის ეროვნული სასამართლოს წინაშე წარდგება, რათა პორტუგალიაში ექსტრადიციის პროცედურა გაიარონ.
სტატიის და ფოტოს ავტორი: პორტუგალიის ტელე-რადიო მაუწყებელი (RTP – Rádio e Televisão de Portugal)