პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტმა კრის კერმოდმა და მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ახალი ტურნირი წარადგინეს – გუნდური მსოფლიოს თასი, რომელიც 2020 წლიდან ავსტრალიის სამ ქალაქში გაიმართება.
ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 24 ნაკრები. შერჩევის კრიტერიუმი იქნება – თითოეული ქვეყნის პირველი ნომრის რეიტინგი.
24 გუნდი ექვს ჯგუფად დაიყოფა. ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეები ითამაშებენ შემდეგი ფორმატით – თითო მატჩი მოიცავს ერთეულთა ორ და წყვილების ერთ შეხვედრას. თითო გუნდი ხუთი ჩოგბურთელისგან იქნება შემდგარი. ჯგუფური ეტაპის შემდეგ, რვა ქვეყანა გავა მეოთხედფინალში.
ტურნირის საპრიზო ფონდი იქნება 15 მილიონი დოლარი. გამარჯვებული ქვეყნის მოთამაშეები ATP-ის რეიტინგში 750 ქულას მიიღებენ. ტურნირი ყოველი სეზონის წინ გაიმართება და ხანგრძლივობა 10 დღე იქნება.
პრეზენტაციაზე ჯოკოვიჩმა აღნიშნა, რომ მას მოსწონს ამგვარი ტურნირის ჩატარების იდეა: „მომწონს, რომ ამ ტურნირს ფლობს ATP. ეს იქნება ახალი სეზონის დაწყების საუკეთესო ვარიანტი“.