ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში აცხადებენ, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან განხორციელებული დაბომბვა ცეცხლთან თამაშია
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში აცხადებენ, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან განხორციელებული დაბომბვა ცეცხლთან თამაშია

გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში აცხადებენ, რომ უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან განხორციელებული დაბომბვა ცეცხლთან თამაშია.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის თქმით, მთავარი ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს აფეთქებები სრულიად მიუღებელია.

„ვინც ამის უკან დგას, ეს სასწრაფოდ უნდა შეწყდეს, როგორც უკვე ბევრჯერ მითქვამს, ცეცხლს ეთამაშებით!“ – განაცხადა რაფაელ გროსიმ.

დასავლური მედიის ინფორმაციით, რეაქტორები გამორთულია, მაგრამ არსებობს გადახურების რისკი, თუ ელექტროენერგია, რომელიც ამუშავებს გაგრილების სისტემას, შეწყდება. დაბომბვას არაერთხელ გაუწყვეტია ელექტროგადამცემი ხაზები.

სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, რომ გასული დღის განმავლობაში ევროპის ყველაზე დიდ ატომურ ელექტროსადგურთან ათზე მეტი აფეთქება მოხდა. კიევი და მოსკოვი აფეთქებებში ერთმანეთს ადანაშაულებენ.