ატომური ენერგიის სააგენტო - ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე სარემონტო სამუშაოები დაწყებულია
უკრაინის ბირთვული მარეგულირებლის ინფორმაციით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე სარემონტო სამუშაოები დაწყებულია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს.
„უკრაინის ბირთვულმა მარეგულირებელმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განუცხადა: ტექნიკოსებმა დაიწყეს დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთება ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე; ტერიტორიის გარეთ ელექტროენერგია კვლავ გამორთულია; დიზელის გენერატორებისთვის მიწოდებულ იქნა დამატებითი საწვავი; პერსონალის ცვლილება ჯერ კიდევ არ განხორციელებულა“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ განცხადებაში.
ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს 24 თებერვლიდან მოყოლებული რუსული ჯარები აკონტროლებენ. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს აღარ ჰქონდა წვდომა სადგურის უსაფრთხოების კონტროლის სისტემებთან. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია სადგურზე ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ, რაც რადიაციის გაჟონვის რისკებს ზრდიდა. სააგენტო ასევე შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ 24 თებერვლიდან მოყოლებული, არ ხდება სადგურის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლების ცვლილება.