ატოცში სალომე ზურაბიშვილის შეურაცხყოფის ფაქტი დღეს უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე დაისვა 
ატოცში სალომე ზურაბიშვილის შეურაცხყოფის ფაქტი დღეს უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე დაისვა 

საარჩევნო გარემოსა და გამოვლენილი დარღვევებზე იმსჯელეს უწყებათშორისო კომისიის მორიგ სხდომაზე.

შეხვედრას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა. მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა კომისიის რეაგირება გუშინ, საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ინციდენტზე მოითხოვეს, როდესაც სალომე ზურაბიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

მხარეებმა უკვე განხილულ საკითხებზე რეაგირების კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის ანგარიშიც მოისმინეს.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე გუშინ სოფელ ატოცში მომხდარი ინციდენტი განიხილეს.

„ჩვენ ვისაუბრეთ იმ დარღვევებზე, რომელსაც ადგილი აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ადმინისტრაციულ საზღვართან პრეზიდენტობის კანდიდატს ფაქტობრივად თავს დაესხნენ. ლანა ღვინჯილია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, სააკაშვილის ბიბლიოთეკის თანამშრომელია, ყოვლად უღირსად მოიქცა. ეს არ ჯდება არანაირ, არც საკანონმდებლო და არც მორალურ ფარგლებში, ის ბილწსიტყვაობდა და ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა, ისინი ასე, რუსულ და მოსკოვურ სტილში ატარებენ თავიანთ წინასაარჩევნო კამპანიას, მთელი მათი შინაარსი გადატანილია ბულინგზე, შეურაცხყოფაზე. ასევე ყურადღება გავამახვილეთ ე.წ. საგარანტიო სერთიფიკატებზე, რომლის გაცემაც ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. ჩვენ მოვითხოვეთ შესაბამისი რეკომენდაციის გაცემა კომისიისგან”, – განაცხადა დავით მათკაშვილმა.