ატენის ხეობაში, რაზმითის მთის ფერდობზე ხანძარი ლოკალიზებულია
ატენის ხეობაში, რაზმითის მთის ფერდობზე ხანძარი ლოკალიზებულია

ატენის ხეობაში, წიწვოვანი ტყის მასივში ხანძარი ლოკალიზებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მეხანძრე-მაშველები გორის მუნიციპალიტეტში, ატენის ხეობაში, რაზმითის მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ.

„ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. ხანძრის ქრობის პროცესში, შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. საჰაერო ტექნიკამ ხანძრის კერებზე წყლის დასხმა ხილვადობის შეზღუდვის შემდეგ შეწყვიტა.
ადგილზე მობილიზებული მეხანძრე-მაშველებისა და ტექნიკის ინტენსიური, კოორდინირებული მუშაობის შედეგად, გადარჩენილია წიწვოვანი ტყის უმეტესი ნაწილი. ამ დროისთვის, ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს“,- აღნიშნულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პირველადი ინფორმაციით, ხანძარმა 3 ჰა ფართობი მოიცვა.

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან მეხანძრე-მაშველები და მუდმივ რეჟიმში განახორციელებენ ცალკეული, მცირე კერების დამუშავებას და მის მონიტორინგს.