ათასობით მოქალაქის თაღლითობაში შეცდომით დადანაშაულების გამო ნიდერლანდების მთავრობა გადადგა
ათასობით მოქალაქის თაღლითობაში შეცდომით დადანაშაულების გამო ნიდერლანდების მთავრობა გადადგა

ნიდერლანდების მთავრობა გადადგა. გადადგომის მიზეზი ბავშვებისთვის გათვალისწინებული ფულადი დახმარების მიღების მიზნით ათასობით მოქალაქის თაღლითობაში შეცდომით დადანაშაულება გახდა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა, ოჯახები უპრეცედენტო უსამართლობის შედეგად დაზარალდნენ. რუტემ მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადება მეფეს წარუდგინა.

„უდანაშაულო ადამიანები დამნაშავეებად გამოცხადდნენ და მათი ცხოვრება დაინგრა“, – განაცხადა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, შეცდომაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ მთავრობას ეკისრება

ათასობით მშობელს საგადასახადო ორგანოებმა ბავშვების გათვალისწინებული დახმარების მიღების მიზნით თაღლითობაში დასდო ბრალი და ათობით ათასი ევრო დააბრუნებინა.

როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, მშობლები თაღლითებად გამოაცხადეს დოკუმენტების შევსებისას დაშვებული მცირე ხარვეზებისთვის, როგორიცაა მაგალითად, გამოტოვებული ხელმოწერა. ათასობით ოჯახი ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა.

სკანდალი 2012 წელს დაიწყო და სავარაუდოდ 26 ათასამდე მშობელს შეეხო.

ნიდერლანდების მინისტრთა კაბინეტის წევრები მოვალეობას მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე შეასრულებენ, რომელიც მარტშია დაგეგმილი. თუმცა უფლებამოსილება დაუყოვნებლივ შეუწყდება ეკონომიკის მინისტრს.