ათასობით ლიტრი რძე კანალიზაციაში ჩაიღვარა: ლატვიელმა ფერმერებმა უდიდესი ზარალი განიცადეს

15:41, 02.09.2026
საილუსტრაციო ფოტო/ავტორი: ნოვადუ ზინასი, „ლატვიის ტელევიზია“

საილუსტრაციო ფოტო/ავტორი: ნოვადუ ზინასი, „ლატვიის ტელევიზია“

ძროხების წველა ტრაქტორის მეშვეობით და კანალიზაციაში ჩაღვრილი ათასობით ლიტრი რძე – ელექტროენერგიის ხანგრძლივმა გათიშვებმა ლატვიელ რძის მწარმოებლებს ასეთი შედეგები მოუტანა. „ვიდუსდაუგავას ტელევიზიის“ (Vidusdaugavas televīzija) ცნობით, იეკაბპილსის რეგიონში ბევრ ფერმას წველის ალტერნატიული გზების მოძებნა მოუხდა, მაგრამ დიდი ზარალი თავიდან მაინც ვერ აიცილა.

 

ძრავის ხმაური და გამონაბოლქვის სუნი – თითქმის ერთი კვირის განმავლობაში ასეთ პირობებში უწევდათ ძროხების წველა საუკას მაზრაში მდებარე ფერმა „ოძანიში“ (Odzāni). ვინაიდან ტრაქტორის გამოყენებით ერთჯერზე მხოლოდ ერთი ძროხის მოწველაა შესაძლებელი, პროცესს ჩვეულებრივზე ოთხჯერ მეტი დრო სჭირდება. თუმცა, ელექტროენერგიის არარსებობის პირობებში, ეს ძროხების მოწველის ერთადერთი გზაა.

„ამ გზით ერთი საწველი ვედრის ავსებას, მაქსიმუმ, ექვსი საათი სჭირდება. ამიტომ დღეში ერთხელ წველის რეჟიმზე გადავედით, რადგან 40 ძროხის ორჯერ მოწველა, როდესაც მხოლოდ ერთი საწველი ვედრო გაქვს და პროცესი 12 საათს გრძელდება, სრული სიგიჟეა“, – ამბობს ფერმის მეპატრონე, ძინტარა კლეშჩევსკა.

წველის ამ მეთოდს იეკაბპილსის რეგიონის სხვა ფერმებშიც მიმართავდნენ, სადაც ქარიშხლის გამო ელექტროენერგიის მიწოდება ასევე დიდი ხნით იყო შეწყვეტილი.

„ყველაფერი ფრთხილად უნდა გააკეთო, რადგან წველის დროს ვაკუუმის შექმნა აუცილებელია. ამისთვის, ჩვენ ტრაქტორის ჰაერის ფილტრი გამოვიყენეთ, რომელიც სათლთან მილაკით შევაერთეთ. ის ჰაერს იწოვს, რათა ძრავამ მუშაობა გააგრძელოს. ძრავი მცირე შეფერხებებით მუშაობდა, მაგრამ ძროხის წველა მაინც ხერხდებოდა“, – განმარტა ელქშნუს მაზრის ფერმერმა, გუსტავ შენბერგსმა.

ელექტროენერგიის არარსებობის გამო, მაცივარ-დანადგარებიც არ მუშაობდა. არადა, თუ რძე სათანადო ტემპერატურაზე არ ინახება, ის მჟავდება და გადასამუშავებლად მისი გაგზავნა უკვე შეუძლებელია.

„ერთადერთი, რაც შეგვეძლო გაგვეკეთებინა, მისი გაჩუქება – ხალხისთვის დარიგება იყო, მაგრამ ვის სჭირდებოდა ამდენი რძე ან ვინ მოვიდოდა მის წასაღებად? ამ რძით ხბოების გამოკვებასაც ვცდილობდით, მაგრამ დღეში, სულ მცირე, 800 ლიტრი მაინც კანალიზაციაში ჩაიღვარა“, – აღნიშნა კლეშჩევსკამ.

ელექტროენერგია „ოძანიში“ ექვსი დღე იყო გამორთული, რის გამოც 5 ათას ლიტრამდე რძე დაკარგეს. გარდა ამისა, წველის არასტანდარტული პირობების გამო, ძროხებს სარძევე ჯირკვლების ანთება დაემართათ და რძის პროდუქტიულობამ იკლო. მესაქონლეთა ფერმების ასოციაციაში ამბობენ, რომ სხვა ფერმებმაც დიდი ზარალი განიცადეს.

„ნებისმიერ მომენტში, თუ ძროხა დროულად არ მოიწველა, პროდუქტიულობა მცირდება და მთელი ციკლი ირღვევა“, – განაცხადა ასოციაციის თავმჯდომარემ, იანის მიეზიტისმა.

ასოციაციაში ასევე აღნიშნეს, რომ ბევრ ფერმას ჯერ კიდევ არ აქვს გენერატორი და ამ მიმართულებით სახელმწიფო მხარდაჭერაა საჭირო. კერძოდ, უნდა შეიქმნას სქემა, რომელიც ფერმერებს გენერატორების ყიდვის საშუალებას მისცემს.

„ასევე დაჟინებით მოვუწოდებ ელექტროქსელებს, რომ ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის დროს, ფერმები პრიორიტეტად მიიჩნიონ: უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა შეეხოს რძის ფერმებს, შემდეგ მესაქონლეობის ფერმებს და ბოლოს – მარცვლეულის საშრობებს“, – დასძინა მიეზიტისმა.

სექტორის მიერ განცდილი ზარალის სრული მასშტაბი ჯერ უცნობია, რადგან სოფლის მხარდაჭერის სამსახურში ზარალის ანაზღაურების თაობაზე ფერმერების განაცხადების მიღება კვლავ გრძელდება.

კონტექსტი:

ლატვიის გარემოს დაცვის, გეოლოგიისა და მეტეოროლოგიის ცენტრის ინფორმაციით, 23 აგვისტოს ღამეს ლატვიას თავს დაატყდა ყველაზე ძლიერი ზაფხულის ქარიშხალი, სულ მცირე, 1966 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში ქარის ქროლვაზე კომპლექსური დაკვირვება დაიწყო.

ქარიშხლის დროს, ელგავაში მშენებარე სახლის ჩამონგრევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხეების წაქცევისა და ტოტების დაცემის გამო კი რამდენიმე ადამიანი დაშავდა. სამაშველო ოპერაციის დროს ასევე დაშავდა ორი მეხანძრე-მაშველი. კომპანია Sadales tīkls-ის ცნობით, კვირა დილით ელექტროენერგია დაახლოებით 277 000 ოჯახს ჰქონდა გათიშული.

ბევრ ადგილას არ მუშაობდა შუქნიშნები, დაიკეტა მაღაზიები და ავტოგასამართი სადგურები. შეფერხებები იყო მობილურ კავშირგაბმულობაშიც.

სტატიის ავტორები: „ვიდუსდაუგავას ტელევიზია“ (Vidusdaugavas televīzija) და ლატვიის საზოგადოებრივი მედიამაუწყებელი (LSM – Latvijas Sabiedriskie Mediji)

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 1 სექტემბერი, 2026 წელი, 06:44 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი