ასუნსიონ სანჩეს რუისი - პოლარიზაცია დიალოგის ნაკლებობის შედეგია, ევროკავშირი მმართველ პარტიას და ოპოზიციას პოლარიზაციის დასასრულებლად კონსტრუქციული ჩართულობისკენ მუდმივად მოუწოდებს
ასუნსიონ სანჩეს რუისი - პოლარიზაცია დიალოგის ნაკლებობის შედეგია, ევროკავშირი მმართველ პარტიას და ოპოზიციას პოლარიზაციის დასასრულებლად კონსტრუქციული ჩართულობისკენ მუდმივად მოუწოდებს

პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის გადაწყვეტა მესამეა იმ ცხრა ნაბიჯიდან, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებამდე. პოლარიზაცია დიალოგის ნაკლებობის შედეგია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ, პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა, ასუნსიონ სანჩეს რუისმა განაცხადა, რომელმაც სოციალური მედიის საშუალებით საქართველოს მოქალაქეების კითხვებს უპასუხა.

მისივე თქმით, ევროკავშირი ყველა პოლიტიკურ ლიდერს პოლარიზაციის დასასრულებლად კონსტრუქციული ჩართულობისკენ მუდმივად მოუწოდებს.

„ევროკავშირს კარგად ესმის, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია საქართველოს მოსახლეობის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. საქართველოში არსებული პოლიტიკური კლიმატის შესახებ ბევრმა თქვენგანმა იკითხა. პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის გადაწყვეტა, ფაქტობრივად, მესამეა იმ ცხრა ნაბიჯიდან, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებამდე. პოლარიზაცია დიალოგის ნაკლებობის შედეგია. ევროკავშირი ყველა პოლიტიკურ ლიდერს – მმართველ პარტიას და ოპოზიციას – პოლარიზაციის დასასრულებლად კონსტრუქციული ჩართულობისკენ მუდმივად მოუწოდებს. არსებობს პოლიტიკური კონსენსუსი საქართველოს ევროკავშირის გზის სასარგებლოდ, ამიტომ შეთანხმების საკითხია, ეს ეროვნული მიზანი როგორ იქნება მიღწეული. ჩვენი მუშაობის გამოცდილება იმ ქვეყნებთან, რომლებიც ევროკავშირში უკვე შევიდნენ, არის ის, რომ ყველაფერი შეიძლება უფრო სწრაფად განხორციელდეს, როდესაც ევროკავშირში გასაწევრიანებლად აუცილებელ რეფორმებთან დაკავშირებით ეროვნული კონსენსუსი არსებობს.

ცხრა ნაბიჯს რომ შეხედავთ, თითოეული მათგანის შესრულება დეპოლარიზაციას იწვევს: საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებით და საპარლამენტო ზედამხედველობით დაწყებული, დასრულებული დეზინფორმაციასთან ბრძოლით და ისეთი ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფით, როგორებიცაა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება“, – განაცხადა ასუნსიონ სანჩეს რუისმა.

მისივე განმარტებით, ყველა ეს ნაბიჯი უნდა განხორციელდეს, რომ საქართველომ ევროკავშირის გაფართოების პროცესში წინ წაიწიოს.

„ვიმედოვნებთ, მთელი საზოგადოება ამ ამოცანას სერიოზულად მოეკიდება“, – აღნიშნა ასუნსიონ სანჩეს რუისმა.